გიორგი ფანცულაია - დეკანოზ გიორგი მამალაძეს გამოკვლევები უტარდება და ჯერჯერობით არ ვიცით, მძიმეა თუ არა მდგომარეობა
გიორგი ფანცულაია - დეკანოზ გიორგი მამალაძეს გამოკვლევები უტარდება და ჯერჯერობით არ ვიცით, მძიმეა თუ არა მდგომარეობა

 

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია, რომელიც ღუდუშაურის საავადმყოფოსთან იმყოფება, აცხადებს, რომ მსჯავრდებულის კლინიკაში გადაყვანის შესახებ მის ძმას აცნობეს.

„ციხის ადმინისტრაციამ მოახდინა პრევენცია, რომ არ გამწვავებულიყო დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა და კლინიკაში გადმოიყვანეს. ადგილზეა ციხის ხელმძღვანელობაც. მას გამოკვლევები უტარდება და ჯერჯერობით არ ვიცით, მძიმეა თუ არა მდგომარეობა. ზოგადად, ის რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ამის თაობაზე არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება. არაერთხელ გვითქვამს, რომ ბევრად ადრე უნდა მომხდარიყო დეკანოზზე ყურადღება. იმედს ვიტოვებ, რომ მძიმე მდგომარეობა არ იქნება“, – განუცხადა გიორგი ფანცულაიამ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, როგორც განუმარტეს, დეკანოზ გიორგი მამალაძის ნახვის საშუალება მისი პალატაში გადაყვანის შემდეგ ექნებათ.

„ჩვენთან მაქსიმალურად კომუნიკაციაშია ციხის ხელმძღვანელობა, რომელიც ადგილზეა და საქმის კურსში გვაყენებს. უშუალოდ ციხის ხელმძღვანელობასთან მიმართებით ნამდვილად არ გვეთქმის აუგი, ისინი პერიოდულად გვაწოდებენ ინფორმაციას.

როგორც ვიცით, გულთან დაკავშირებით უტარებენ კვლევებს. მისი ჯანმრთელობის პრობლემები არის კომპლექსური. ცუდი ის არის, რომ ადამიანი ამ ხნის განმავლობაში არის ასეთ მდგომარეობაში და მისი ძმა ითხოვს ზიარებას, რომ მისი სულიერი და ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს, კარავი არის საპატრიარქოსთან გაშლილი და ალბათ, ამის შემდგომ მაინც დაინტერესდებიან საპატრიარქოდან“, – განაცხადა ადვოკატმა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გიორგი მამალაძე წინასწარი დიაგნოზით – ჰიპერტონული კრიზი, ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევა გადაიყვანეს საავადმყოფოში.