გიორგი დემეტრაძე - ვაისმა შეტევას მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს
გიორგი დემეტრაძე - ვაისმა შეტევას მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს
„ჩემი აზრით, ვლადიმირ ვაისის მინუსი ისაა, რომ ძალიან ფრთხილი მწვრთნელია, კარდინალურ ნაბიჯების გადადგმას ერიდება შეტევაში და, ვფიქრობ, შეცვლებსაც აგვიანებს, მაგრამ მთლიანობაში, მაინც დადებითი შთაბეჭდილება მრჩება“ – ეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრობისას, გიორგი დემეტრაძემ განაცხადა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების გამოსვლა შეაფასა.
„ძალიან ძლიერ ჯგუფში მოვხდით – შვეიცარიასთან, დანიასთან და ირლანდიასთან მიღებული გამოცდილება გუნდს წაადგება, რადგან ძალიან დიდ გამოცდილება შეიძინეს. თუმცა ჩვენი საფიქრალი მაინც ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელორუსთან შეხვედრა იქნება. ევროშესარჩევ ციკლში ვნახეთ ჩვენი ნაკლი, რა სისუსტეები გვაქვს და მთავარმა მწვრთნელმა და ნაკრებმა რაზე უნდა იმუშავონ. ალბათ, მწვრთნელმა შეტევას მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს“.
დემეტრაძემ ბელორუსთან ერთა ლიგის ნახევარფინალზეც ილაპარაკა: „მიმაჩნია, რომ საქართველო ფავორიტია, რადგან შეხვედრა თბილისში გაიმართება – ალბათ, სავსე ტრიბუნების წინაშე და, რა თქმა უნდა, ფავორიტები ვართ. ეს თამაში უნდა მოვიგოთ, ევროპის ჩემპიონატზე რომ მოვხდეთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბელორუსს გავცდებით. თუმცა ხელწამოსაკრავი ნაკრები არაა. აქ ბელორუსი დაცვიდან ითამაშებს. აქედან გამომდინარე, ვაისმა ბელორუსთან სწრაფი ფეხბურთელები უნდა დააყენოს”.