გიორგი დარასელია - „გაგრა“ მებრძოლი გუნდია, ელიგის საგზურის ბედი ჩვენს შეხვედრაში გადაწყდება #1TVSPORT
გიორგი დარასელია - „გაგრა“ მებრძოლი გუნდია, ელიგის საგზურის ბედი ჩვენს შეხვედრაში გადაწყდება #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ბოლნისის „სიონის“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი დარასელიამ პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საკუთარი გუნდის მიზნებსა და პერსპექტივაზე ილაპარაკა.

„ბოლნისის რაიონის ხელმძღვანელობას, ჩვენ და „სიონის“ გულშემატკივრებს ერთი მიზანი გაგვაჩნია, რომ გუნდი ეროვნულ ლიგაში დავაბრუნოთ. მიზნის მიღწევა ერთად დგომით გვსურს.

– ჩვენს გუნდში ახალგაზრდებიც არიან და გამოცდილებიც. ამ კუთხით ბალანსია საჭირო – ორივე გვჭირდება. ვფიქრობთ არა მხოლოდ ეროვნულ ლიგაში გადასვლაზე, არამედ, მომავალზეც – ისეთი ახალგაზრდები გვჭირდება, რომლებიც მომავალ წელსაც ითამაშებენ და ეროვნულ ლიგაშიც.

– სეზონის დასრულებამდე 6 ტურია დარჩენილი. ბოლოს წინა ტურში ვხდებით კონკურენტ „გაგრას“, რომელიც კარგი და მებრძოლი გუნდია და გადასვლისთვის იბრძვის. გუნდმა საქართველოს თასი აიღო, 3-4 წელია ერთი და იმავე შემადგენლობითაა დაკომპლექტებული და ბოლომდე იბრძვის. ბოლო 6 თამაში გადამწყვეტია როგორც ჩვენთვის, ასევე მეტოქისთვის, მაგრამ ეროვნულ ლიგაში პირველი ადგილით გამსვლელის საკითხი ჩვენს უშუალო დაპირისპირებაში გადაწყება.

– გუნდი ეროვნულ ლიგაში რომ გადადის, ბურთი უნდა შეინარჩუნოს და ამავე დროს, გაძლიერდეს. უნდა დავამატოთ ისეთი მოთამაშეები, რომლებიც უკეთესი შედეგისთვის ბრძოლაში დაგვეხმარებიან. სახსრები ყოველთვის მოიძებნება. მთავარია, პერსპექტიული ფეხბურთელები მოვძებნოთ. გუნდის ხელმძღვანელებისგან გვესმის, როგორც კი გუნდი გადავა, გაძლიერებაში დაგეხმარებითო“.