გიორგი ცინცაძე - მაისურის ნომერი კობი ბრაიანტის პატივსაცემად შევარჩიე
გიორგი ცინცაძე - მაისურის ნომერი კობი ბრაიანტის პატივსაცემად შევარჩიე

პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრობისას, საქართველოს ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ კალათბურთელმა, გიორგი ცინცაძემ თავის კარიერასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ცინცაძის თქმით, მან „დინამოსთან“ ღია კონტრაქტი გააფორმა, რაც გულისხმობს იმას, რომ უფრო საინტერესო წინადადების გამოჩენის შემთხვევაში, შეუძლია გუნდიდან დაუბრკოლებლად წავიდეს.

„კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გავაფორმე. ეს არის ღია კონტრაქტი, ანუ თუ რაიმე სხვა შემოთავაზება მექნება უცხოეთიდან, შემიძლია უპრობლემოდ განვიხილო. ამ ეტაპზე „დინამო“ იმიტომ ავირჩიე, რომ ჩემთვის მისაღებ კალათბურთს თამაშობენ, ახალგაზრდული გუნდია. შემიძლია მათაც გავუზიარო ჩემი გამოცდილება და მეც ავიღო მათგან რაღაც“, – ამბობს გიორგი ცინცაძე და საქართველოს ჩემპიონატის დონის ამაღლებაზეც საუბრობს – „ადრე საქართველოში ორი გუნდი ვიყავით, რომლებიც ერთმანეთს ვუწევდით კონკურენციას, მაგრამ სხვა გუნდები ვერაფერს გვიპირისპირებდნენ. ახლა კონკურენტუნარიანი გუნდების რაოდენობა გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ დონემაც აიწია, თუმცა ჯერ კიდევ შორს ვართ იმ დონიდან, რომელიც ყველას გვსურს“.

„დინამო თბილისის“ გამთამაშებელმა საქართველოს ნაკრებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თაობათა ცვლა, მისი აზრით, უმტკივნეულოდ ჩაივლის.

„დღევანდელი წამყვანი მოთამაშეებიც ჯერ ახალგაზრდები არიან. უკვე დიდი ხანია, რაც ერთად თამაშობენ და ალბათ ამიტომ გვგონია, რომ დიდები არიან, სინამდვილეში კი მათ ჯერ 5-6 წელი შეუძლიათ ნაკრებისთვის სარგებლის მოტანა და ამის შემდეგაც, ჩემი აზრით, თაობათა ცვლა უმტკივნეულოდ ჩაივლის“, – ამბობს ცინცაძე.

ჟურნალისტებმა მას ლეგენდარული კობი ბრაიანტის დაღუპვის შესახებაც დაუსვეს შეკითხვა, რაზეც ცინცაძემ უპასუხა, რომ ყოველთვის მისი განსაკუთრებული ქომაგი იყო.

„ჩემს მაისურზე 8 ნომერიც ამაზე მეტყველებს. მისადმი მუდამ განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა და ყოველთვის, როცა კობის დაღუპვის ამბავი მახსენდება, ცრემლები მერევა. ჩემი აზრით, ასეთი ადამიანები არ უნდა კვდებოდნენ და არც მოკვდებიან. ბრაიანტის სახელი მუდამ დარჩება“, – განაცხადა გიორგი ცინცაძემ.