გიორგი ჩხაიძე - რესურსიდან და რეიტინგიდან გამომდინარე, ირლანდიასთან მეორე ნომრად ვითამაშებთ #1TVSPORT
გიორგი ჩხაიძე - რესურსიდან და რეიტინგიდან გამომდინარე, ირლანდიასთან მეორე ნომრად ვითამაშებთ #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა წლის ბოლო მატჩამდე, რომელსაც გუნდი 30 ნოემბერს გამართავს. გიორგი ჩხაიძის გუნდი დუბლინში ირლანდიას ესტუმრება და 2023 მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩს ჩაატარებს.

„შეკრება ნორმალურ პირობებში მიმდინარეობს. სამწუხაროდ, რამდენიმე მოთამაშე ვერ გვეხმარება,რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო რომ დაგვაკლდნენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამით რამე იცვლება. გუნდში არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ამ პოზიციებს შეავსებენ“, – ამბობს გიორგი ჩხაიძე.

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მეტოქეზეც ისაუბრა:

„რაც შეეხება ირლანდიას, ძალიან კარგი გუნდია, ფეხბურთელები ფიზიკურად ძლიერები არიან. მათი და სლოვაკეთის ნაკრების შეხვედრა ვნახე, რომელიც 1:1 დასრულდა. გუნდი შეტევებზე საკმაოდ სწრაფად გადმოდის. ჩვენი რესურსიდან და რეიტინგიდან გამომდინარე, თამაშს მეორე ნომრიდან ვირჩევთ. ძირითადი მიზანი იქნება კარის უსაფრთხოება, თამაშს კი კონტრშეტევებსა და სტანდარტებზე ავაგებთ. რამდენად გამოგვივა, ამას 30 ნოემბერს ვნახავთ“.

გიორგი ჩხაიძე იმედოვნებს, რომ მეტოქის სიძლიერის მიუხედავად, გუნდი სასურველ შედეგს მაინც მიაღწევს:

„მთავარია, რომ ფეხბურთელები მონდომებულები არიან და კარგად აქვთ გათვითცნობიერებული, რაოდენ ძლიერ მეტოქეს ვეთამაშებით. დარწმუნებული ვართ, ერთსულოვნებით, შრომით და მონდომებით საწადელ შედეგს მივაღწევთ“.

ქალთა ეროვნული ნაკრები დუბლინში დღეს, 28 ნოემბერს გაემგზავრება. გიორგი ჩხაიძემ ირლანდიის წინააღმდეგ სათამაშოდ 20 ფეხბურთელი შეარჩია.