გიორგი ჭიაბრიშვილი - წინ რთული გზაა, მაგრამ „დინამოს“ გალიდერებით ძალიან კმაყოფილი ვარ #1TVSPORT
გიორგი ჭიაბრიშვილი - წინ რთული გზაა, მაგრამ „დინამოს“ გალიდერებით ძალიან კმაყოფილი ვარ #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა შეაფასა ეროვნული ლიგის 29-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრა ბათუმის „დინამოსთან“, რომელიც მისმა გუნდმა 1:0 მოიგო და სეზონის დასრულებამდე პირველად გალიდერდა.

აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი თამაში, როდესაც გულზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ გიორგი ჭიაბრიშვილი „დინამო თბილისს“ დაუბრუნდა და გუნდი მოედანზე გაიყვანა.

„მომხდარის შემდეგ პირველი ინტერვიუა. ჯერ მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ხნის განმავლობაში გვერდში მედგა და მომცა საშუალება, რომ დავბრუნებულიყავით. მეორეც, მინდა ბიჭებს, სტაფს და პერსონალს ვუთხრა მადლობა, რადგან მათ ძალიან რთული გზა გაიარეს და მე ვფიქრობ, რომ მთელმა ჯგუფმა ძალიან მაგრად იმუშავა, რადგან დღეს უკვე ცხრილის სათავეში ვართ“, – ამბობს გიორგი ჭიაბრიშვილი.

7 ოქტომბერი ჭიაბრიშვილის დაბადების დღეა – „დინამოს“ მწვრთნელის თქმით, გუნდმა საუკეთესო საჩუქარი გაუკეთა:

„ეს იყო ყველაზე კარგი საჩუქარი ცხოვრებაში, რადგან „დინამო თბილისი“ სატურნირო ცხრილის სათავეში დიდი პაუზის შემდეგ პირველად მოექცა. ეს არ არის დასასრული, წინ ძალიან გრძელი და რთული გზაა. თუმცა, ეს პირველი პრეცედენტია, რომ პირველ ადგილზე გადავედით და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ“.

29 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამო“ 61 ქულით დარჩა და გათამაშების ლიდერი მიმდინარე სეზონში თბილისის „დინამო“ პირველად გახდა. გიორგი ჭიაბრიშვილის ხელში თბილისელებმა 9-ქულიანი ჩამორჩენა დაძლიეს და სეზონის დასრულებამდე 7 ტურით ადრე ჩემპიონობის მოპოვების რეალური შანსი გაუჩნდათ.