გიორგი ჭიაბრიშვილი თასის ფინალზე - ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ
გიორგი ჭიაბრიშვილი თასის ფინალზე - ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ
ბევრი გუნდისთვის 2019 წლის სეზონი დასრულდა, მაგრამ რამდენიმე კლუბისთვის და მათ შორის „საბურთალოსთვის“ სეზონი გრძელდება. გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით თბილისელები წლეულს ბოლო ოფიციალურ შეხვედრას 8 დეკემბერს, დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში გამართავენ.
 
გადამწყვეტ მატჩში საბურთალოელები თანაქალაქელ „ლოკომოტივს” შეხვდებიან და სეზონის მაჟორულ ნოტაზე დასრულებას ეცდებიან. მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ჩატარდება და 15:30 საათზე დაიწყება. ფინალურ დაპირისპირებას საქართველოს პირველი არხი პირდაპირ ეთერში გადასცემს.
ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი შეხვედრაა – თუ საბურთალოელები პირველად ასპარეზობენ თასის ფინალში, „ლოკომოტივს” თასი სამჯერ მოგებული. ორივე გუნდმა 2020 წლის ევროპა ლიგის საგზური უკვე მოიპოვა, თუმცა სეზონის მთავარი მატჩი სათამაშო აქვთ.
„ტიტულებით განებივრებულები არ ვართ და ამიტომ ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ. ძალიან მნიშვნელოვანი, პრინციპული და საპასუხისმგებლო შეხვედრა დაგვრჩა და მის მოსაგებად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ფინალური მატჩი ჩვენთვის შანსია, რომ სეზონი ახალი ტიტულით დავასრულოთ“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი, გიორგი ჭიაბრიშვილი.
საბურთალოელებმა თასის წლევანდელ გათამაშებაზე ჯერ ბათუმის „დინამო“ გამოთიშეს ასპარეზობას, შემდეგ ლიგა-2-ის წარმომადგენლები – „სამტრედია” და თბილისის „მერანი”. ნახევარფინალში კი თბილისელებმა ქუთაისის „ტორპედო” დაამარცხეს 2:0 და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.
„საბურთალო“ და „ლოკომოტივი” ეროვნულ ლიგაში სულ 14-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს – 7 მატჩი გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილებმა მოიგეს – ფრედ დასრულდა, ხოლო 3-ჯერ „რკინიგზელებმა“ იმარჯვეს.
დატოვე კომენტარი