გიორგი ჭიაბრიშვილი - თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ ახლა მთავარია, ჩემპიონები გავხდეთ [ვიდეო] #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა, „ლოკომოტივთან“ სტუმრად მოპოვებული გამარჯვება (2:0) შეაფასა. „დინამომ“ ანზორ მექვაბიშვილისა და ლაშა ოდიშარიას ეფექტიანი გოლებით მოიგო და ჩემპიონობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.
გიორგი ჭიაბრიშვილმა არ დამალა, რომ ბოლო დროს თავისი გუნდის თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ არის, მაგრამ დარჩენილ მატჩებში მთავარ მიზნად ჩემპიონობის დაბრუნება დაასახელა.
„გუნდის მიერ ბოლო დროს ნაჩვენები თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ ვარ. საქართველოს თასზე „ტორპედოსთან“ წაგებული თამაში დავიწყებულია, ახლა მხოლოდ ჩემპიონატის დარჩენილ მატჩებზე ვართ კონცენტრირებული. ეროვნულ ლიგაში სამი ტური დარჩა, ჩვენი მიზანია, ეს მატჩები მოვიგოთ და ჩემპიონები გავხდეთ“, – ამბობს გიორგი ჭიაბრიშვილი.
33 ტურის შემდეგ „დინამო თბილისმა“ 75 ქულა დააგროვა და მეორეადგილსან ბათუმის „დინამოს“ მხოლოდ ორი ქულით უსწრებს. დარჩენილ სამ ტურში გადაწყდება, დაიბრუნებს თუ არა ჭიაბრიშვილის გუნდი ოქროს მედლებს.
„დინამო თბილისი“ მომდევნო მატჩს 10 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე, „თელავის“ წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.