გიორგი ჭიაბრიშვილი - „საბურთალო ევროტურნირამდე ტრანსფერებზე მუშაობს“
გიორგი ჭიაბრიშვილი - „საბურთალო ევროტურნირამდე ტრანსფერებზე მუშაობს“
„საბურთალომ“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი ნახევარი პირველ ადგილზე დაასრულა. მოქმედი ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მეორე წრის შედეგები შეაფასა.
 
„განვლილ ორ წრეს დადებითად შევაფასებ – ორივე წრე პირველ ადგილზე დავასრულეთ. 2018 წლიდან მოყოლებული, „საბურთალომ“ ზედიზედ ექვსი წრე პირველ ადგილზე დაასრულა. დარჩენილ ორ წრესაც ოპტიმიზმით ვუყურებ და მჯერა, სასურველ მიზანს კვლავ მივაღწევთ. ეს არის მთლიანად „საბურთალოს“ დამსახურება. მხოლოდ ფეხბურთელებს არ ვგულისხმობ – ხელმძღვანელებიდან დაწყებული, პერსონალით დამთავრებული. ჩვენ ერთი დიდი გუნდი ვართ“ – ამბობს ჭიაბრიშვილი.
„საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელის თქმით, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მოახლოებულ თამაშებამდე შესაძლოა, გუნდმა ტრანსფერები კიდევ განახორციელოს:
„მოხარული ვარ, რომ რეხვიაშვილი დაგვიბრუნდა. გასული სეზონის დასრულების შემდეგ, დიდი სურვილი მქონდა, რომ გიორგი ჩვენთან დარჩენილიყო, თუმცა არ გამოვიდა. იგი დაცვით ხაზში ძალიან გაგვაძლიერებს. რაც შეეხება გაბედავას – მასთან გარკვეული დრო „გაგრაში“ მაქვს ნამუშევარი და მისი შესაძლებლობები ვიცი. ხელმძღვანელობისგან ყოველთვის დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ. მაქსიმალურად გვერდში მიდგანან, რათა ძლიერი კლუბი ჩამოვაყალიბოთ. ვცდილობთ, დავიბრუნოთ ლაზარე კუპატაძე და რამდენიმე ქართველი ფეხბურთელის დამატებაზეც ვმუშაობთ, ყველაფერი კი მალე გახდება ცნობილი. რაც შეეხება ლეგიონერებს – ძალიან რთულია კვალიფიციური ლეგიონერების დამატება, რადგან მათ უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში სურთ თამაში“.