გიორგი ჭიაბრიშვილი - მიმაჩნია, რომ თბილისის „დინამო“ წელს კარგი გუნდი იქნება, დაბალანსებული და კარგად მომზადებული #1TVSPORT
გიორგი ჭიაბრიშვილი - მიმაჩნია, რომ თბილისის „დინამო“ წელს კარგი გუნდი იქნება, დაბალანსებული და კარგად მომზადებული #1TVSPORT

თბილისის „დინამომ“ 2023 წლის მოსამზადებელი შეკრება დაასრულა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა შეკრება შეაფასა და გუნდის მდგომარეობაზე ისაუბრა.

„რთულია, როდესაც ამდენი ხანი გუნდი შეკრებაზეა, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ფეხბურთელების მონდომებით, რაც თამაშებსა და ვარჯიშებზე გამოავლინეს. ვფიქრობ, რომ კარგ კონდიციებში ვართ. ჩვენს მიზანს, საკონტროლო მატჩებში ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოგვეცადა, მივაღწიეთ. მათ თავი კარგად წარმოაჩინეს.

ზოგ მატჩში მეტოქემ ძალიან გვაჯობა და კარგი თამაში არ გამოგვივიდა, მაგრამ გამოცდილებისთვის ესეც წაგვადგება. კარგი მეტოქეები მოვნახეთ, შეკრებაზე კი ზუსტად ასეთი სპარინგპარტნიორები მინდოდა. რა შრომა გავწიეთ და როგორ მოვემზადეთ, ეროვნულ ლიგაში გამოჩნდება. მიმაჩნია, რომ წელს კარგი გუნდი გვეყოლება, დაბალანსებული და კარგად მომზადებული.

ზოგადად, ყველა გუნდში ასე ვმუშაობ – შეკრებაზე მიმყავს ის ფეხბურთელები, ვისაც ვენდობი, ვინც მინდა, რომ ვათამაშო და ყველას სათანადო დრო მივცე. საკონტროლო მატჩებში, მოგებაზე მეტად, ჩემი მთავარი მიზანი ფეხბურთელის განვითარებაა. ამიტომ შეხვედრები ისე დავგეგმეთ, რომ ყველას თანაბარი პრაქტიკა ჰქონოდა. ამას როტაციასაც არ დავარქმევ – სათამაშო დრო ყველას თანაბრად გავუნაწილეთ. შედეგი ეროვნულ ლიგაში უნდა ვაჩვენოთ, სადაც მატჩს ის 11 ფეხბურთელი დაიწყებს, რომელიც უფრო მზად იქნება.

მარცხენა მცველად დავით კობოურმა ითამაშა, რომელიც ამ ამპლუის მოთამაშე არ არის. მასთან ერთად სხვებიც მოვსინჯეთ, მაგრამ არავინ მომეწონა და ვმუშაობთ, რომ კიდევ ერთი მარცხენა მცველი დავიმატოთ, კობოურს კონკურენტი უნდა ჰყავდეს. გაძლიერებაზე ისევ ვფიქრობთ და დაკომპლექტება ჯერ არ დასრულებულა“, – ამბობს გიორგი ჭიაბრიშვილი.