გიორგი ჭიაბრიშვილი ფეხბურთელებს ემადლიერება - რამდენჯერმე ყურადღება მოვადუნეთ და გოლები მივიღეთ
გიორგი ჭიაბრიშვილი ფეხბურთელებს ემადლიერება - რამდენჯერმე ყურადღება მოვადუნეთ და გოლები მივიღეთ
საბურთალომ პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა – მოქმედმა ჩემპიონმა ბოლნისში სიონს 3:2 აჯობა და 2018 წლის შედეგი გაიმეორა.
 
გასულ წელსაც თბილისელებმა პირველი წრე 7 მოგებითა და 2 წაგებით დაასრულეს და 21 ქულა დააგროვეს. 2018 წელს მეორე წრეში გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა 22 ქულის მოპოვება შეძლეს, შემდეგ 17, ხოლო მეოთხე წრეში 19 ქულა დააგროვეს და დამსახურებულად გახდნენ პირველად ქვეყნის ჩემპიონები.
ბოლნისის სიონთან მატჩი საბურთალოს მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა შეაფასა.
„ბოლნისში თამაში ყოველთვის რთული იყო, ასე მოხდა ამჯერადაც. მეტოქე კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული კლუბია, რომელსაც გამოცდილი სპეციალისტი თემურ შალამბერიძე ხელმძღვანელობს. მატჩი დაძაბული გამოდგა. რამდენჯერმე ყურადღება მოვადუნეთ, რის შემდეგაც გოლები მივიღეთ. თუმცა დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. ჩემს ფეხბურთელებს ბოლომდე ბრძოლისთვის მადლობას ვუხდი”, – ამბობს საბურთალოს მთავარი მწვრთნელი.