გიორგი ჭიაბრიშვილი - ფეხბურთელებმა „გრანადასთან" მაქსიმუმი უნდა გამოავლინონ
გიორგი ჭიაბრიშვილი - ფეხბურთელებმა „გრანადასთან" მაქსიმუმი უნდა გამოავლინონ

„ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს, რომელიც კარგ ფეხბურთს აჩვენებს და ძლიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ცხადია, ფავორიტი ესპანური გუნდია. მაგრამ სენსაციები უკვე მოვახდინეთ და ყველაფერი შეიძლება მოხდეს,“ – ეს თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ევროპის ლიგაზე „გრანადასთან“ შეხვედრამდე განაცხადა.

თბილისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გუნდის მოტივაციაზე ილაპარაკა.

„აქ თამაში ჩემთვის გამოწვევა და დიდი სიამოვნებაა. ვნახოთ, როგორი თამაში შეგვიძლია. ცარიელი სტადიონი ჩვენთვის ჩვეული ამბავია, ესპანელებისთვის კი უჩვეულო. მე და ჩემს ფეხბურთელებს დასაკარგი არაფერი გვაქვს, წნეხი, დაძაბულობა და შიში არ გვაწუხებს“.

მისი თქმით, „ლოკომოტივის” პლუსი ისიცაა, რომ მეტოქე არ იცნობს:

„ესპანელებისთვის მატჩი უფრო რთული იქნება, რადგან საქართველოს ლიგას თვალყურს არ ადევნებენ. ჩვენ კი „გრანადას“ კარგად ვიცნობთ და ვიცით, როგორ ფეხბურთს თამაშობს. ეს მატჩი ტესტია, თუ რა შეგვიძლია. „ლოკომოტივს“ ისტორიაში ჯერ ასეთი თამაში არ ჰქონია და ფეხბურთელებმა მთელი ძალა და ენერგია უნდა ჩადონ, რომ მოედანზე მაქსიმუმი გამოავლინონ“.

ევროპის ლიგის მატჩი „გრანადასა“ და „ლოკომოტივს“ შორის გრანადასნუევო ესტადიო ლოს კარმენესზე” 24 სექტემბერს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.