გიორგი ჭიაბრიშვილი - „დინამოში“ უნდა გახვიდე და ყველა თამაში მოიგო #1TVSPORT
გიორგი ჭიაბრიშვილი - „დინამოში“ უნდა გახვიდე და ყველა თამაში მოიგო #1TVSPORT

გიორგი ჭიაბრიშვილმა „დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი კომენტარი გააკეთა. 42 წლის სპეციალისტმა პირველი სამუშაო დღის ემოციებსა და სამომავლო მიზნებზე ისაუბრა.

„გუნდში პირველი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ „დინამოში“ რომ მოდიხარ, პირველი დღე ემოციებით ძალიან დატვირთულია. ბედნიერი ვარ, რადგან დამხვდა ძალიან კარგი გარემო და ადამიანების ჯგუფი, სტაფი, მომსახურე პერსონალი ხელმძღვანელობასთან ერთად.

ბედნიერებაა, „დინამოში“ მუშაობა. ამავდროულად, ძალიან საპასუხისმგებლოცაა და ამას ვაცნობიერებ, მაგრამ ეს არის რთული და სასიამოვნო. დანარჩენს ყოველდღიურად ვნახავთ, როგორ იქნება.

მთავარია, რომ „დინამომ“ თავისი თამაში აჩვენოს, ისეთი, როგორიც ტრადიციულად ჰქონდა. ვეცდებით, რაც შეიძლება მალე ამას მივაღწიოთ – ლამაზი, ლაღი ფეხბურთი ითამაშოს. „დინამოში“ როცა ხარ, მიზნებზე საუბარი რთულია. ბევრი არჩევანი არც გაქვს, მიზანი ერთია, უნდა გახვიდე და ყველა თამაში მოიგო“, – ამბობს გიორგი ჭიაბრიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ჭიაბრიშვილმა „დინამოში“ კახა ცხადაძე შეცვალა. ის სხვადასხვა დროს მთავარი მწვრთნელი იყო „გაგრაში“, „რუსთავში“, „ზესტაფონში“, „საბურთალოში“, „ლოკომოტივში“, ხოლო ახალგაზრდულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტი.

გია ჭიაბრიშვილი „დინამო თბილისს“ პირველად მოედანზე ეროვნული ლიგის მე-18 ტურში გაიყვანს – 20 ივნისს, თბილისელები „დინამო არენაზე“ „გაგრას“ უმასპინძლებენ.