გიორგი ჭიაბრიშვილი - „დინამოს“ ჩემპიონის ხასიათი აქვს და „დილასთან“ ამით მოვიგეთ #1TVSPORT
გიორგი ჭიაბრიშვილი - „დინამოს“ ჩემპიონის ხასიათი აქვს და „დილასთან“ ამით მოვიგეთ #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა გორის „დილასთან“ მატჩი შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა მსაჯის მიერ დამატებულ დროში 3:2 მოიგო.

ჭიაბრიშვილის გაწვრთნილები 1:2-ს აგებდნენ, თბილისელთა მდგომარეობა გამოუვალი ჩანდა 89-ე წუთზე, როდესაც მათ კარში პენალტი დაინიშნა. მაგრამ ვანდერსონ სილვამ ბურთი ძელს მოარტყა, „დინამომ“ კი 90+2 წუთზე გიორგი მოისწრაფიშვილის გოლით ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 90+4-ე წუთზე ულად-ომარ იმრანმა „დინამოს“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა 3:2.

„თავიდან კარგად ვერ ვითამაშეთ. ვფიქრობ, რომ პირველ ტაიმში გორის „დილა“ ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდა. მაგრამ მომენტებით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენც ბევრი რეალური საგოლე შანსი გვქონდა.

გამართლება? დღევანდელ შედეგს ამას ვერ მივაწერ. ალბათ, 3 ქულა შრომამ და გამარჯვების გამუდმებულმა ჟინმა მოიტანა. ეს იყო მთავარი. ჩვენ მოგება აუცილებლად გვჭირდებოდა და გვინდოდა, ამ ხასიათმა და ჟინმა გაგვამარჯვებინა.

საერთოდ, თამაშს ხასიათი იგებს. ჩემპიონის ხასიათი სხვა არის, „დინამო“ კი ყოველთვის სულისკვეთებით ჩემპიონია – გახდება თუ არა ოქროს მფლობელი, თავისი არსით ჩემპიონია და ეს ძალიან გვეხმარება, მათ შორის, ამ სეზონშიც.

შესვენებაზე გუნდს ვერაფერი ვუთხარი, რადგან პირველ ტაიმში ნაჩვენები ფეხბურთი არ ჰგავდა იმას, რაც აქამდე გვიკეთებია. არის ასეთი შეხვედრები, როდესაც არაფერი გამოგდის. მაგრამ მერე არის ის ხასიათი, რაც ბოლოს ჩაირთო და მადლობა უნდა ვუთხრა ყველას და მადლობა ღმერთს, რომ ეს რთული გამარჯვება მოვიპოვეთ“, – განაცხადა გიორგი ჭიაბრიშვილმა.

31 ტურის შემდეგ „დინამო თბილისმა“ 69 ქულა დააგროვა, ბათუმის „დინამოს“ (67) ისევ გადაასწრო და ლიდერობა და კონკურენტთან ორბურთიანი სხვაობა შეინარჩუნა.