გიორგი ჭიაბრიშვილი - „დინამო“ მეორე შეკრებაზე მცველს დაიმატებს #1TVSPORT
გიორგი ჭიაბრიშვილი - „დინამო“ მეორე შეკრებაზე მცველს დაიმატებს #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა მიმდინარე თურქული შეკრება შეაჯამა – გიორგი ჭიაბრიშვილმა განვლილ ამხანაგურ შეხვედრებზე, დაგეგმილ მატჩებსა და მოსალოდნელ ტრანსფერებზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, რომ მოსამზადებელი ეტაპის პირველ შეკრებაზე კარგი ვარჯიშები და თამაშები გვქონდა. ამ პერიოდში გვსურდა, გუნდის ფიზმომზადება გვენახა და გაგვეუმჯობესებინა. ვფიქრობ, ეს კარგად მოვახერხეთ. ამხანაგური მატჩების მიზანი იყო, გვენახა, ჩვენი გუნდი ფუნქციონალურად რა მდგომარეობაში იყო და მოწინააღმდეგეებთან შეგვედარებინა. ვფიქრობ, რომ დღეს ამ კუთხით ფეხბურთელები კარგად არიან.

სამი დღე დავისვენებთ და მეორე შეკრება დაიწყება, რომელიც უფრო რთული იქნება, რადგან 6 მატჩი ინტენსიური გრაფიკით გვაქვს დაგეგმილი. რატომ ავირჩიეთ ასეთი გრაფიკი? ბევრი ახალგაზრდა გვყავს წამოყვანილი და გვინდა, ყველას მეტი სათამაშო დრო მიეცეს. „ლუდოგორეცთან“ ორი სამოცწუთიანი თამაში გვექნება, რადგან ეს მეტოქის თხოვნა იყო და დავთანხმდით. რაოდენობრივად ბევრი ვართ და ამ დროს ყველას გავუყოფთ.

სამი საკონტროლო შეხვედრა გუნდმა ტაქტიკურად ძალიან კარგად ითამაშა, რასაც ამ ეტაპზე არ ველოდი – თანაც ეს მატჩები დაღლილობის ფონზე იყო. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ გუნდის ბირთვი შევინარჩუნეთ და ბევრი ახალი მოთამაშეც არ გვყავს. მახარებს, რომ უკვე ჩვენი მონახაზი გვაქვს.

რაც შეეხება სისუსტეებს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მოწინააღმდეგეები უფრო მაღალი დონის ჩემპიონატებში თამაშობენ, ფიზიკურად უფრო ძლიერები არიან და მოძრაობაში უკეთ გამოიყურებიან. ამაზე ვფიქრობთ, როგორ შეიძლება ამ კომპონენტებში მაქსიმალურად გავძლიერდეთ.

გამიხარდა მარუშიჩის და ვაგნერის დამატება. ეს ჩემი სურვილი იყო. ამავე დროს მარცხენა მცველის პოზიციაზე გვინდა გაძლიერება. მუშაობა ამაზეც მიმდინარეობს და, მართალია, ჯერ ვერ ჩამოვყალიბდით, მაგრამ ვეცდებით, რომ სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე ეს პოზიცია შევავსოთ. მეორე შეკრებაზე კი ცენტრალური მცველი შემოგვიერთდება, რომლის ვინაობასაც კონტრაქტის გაფორმების შემდეგ შეიტყობთ“, – ამბობს გიორგი ჭიაბრიშვილი.