გიორგი ჭიაბრიშვილი - დარწმუნებული ვარ, რომ ევროტურნირებს ძლიერი გუნდით შევხვდებით #1TVSPORT
გიორგი ჭიაბრიშვილი - დარწმუნებული ვარ, რომ ევროტურნირებს ძლიერი გუნდით შევხვდებით #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა თურქეთში დაწყებული მოსამზადებელი შეკრების, სატრანსფერო პოლიტიკისა და მოახლოებული ევროთასების შესახებ ისაუბრა.

„შეკრებაზე ძლიერი მეტოქეები შევარჩიეთ, რადგან ევროტურნირებზე გვიწევს ასპარეზობა და შევეცადეთ, ისეთ გუნდებთან გვეთამაშა, როგორსაც ევროთასებზე დავუპირისპირდებით.

შეკრების მთავარი დანიშნულებაა, რომ ფიზიკურად კარგად მოვემზადოთ და ის თამაში დავალაგოთ, რომლის ჩვენებასაც სეზონის განმავლობაში ვაპირებთ. ამ ეტაპზე მაქსიმალურად კარგად ვერ ვითამაშებთ, რადგან მატჩებს დატვირთვების ფონზე ჩავატარებთ, მაგრამ სასურველ მონახაზს უნდა მივუახლოვდეთ.

ჯერჯერობით მხოლოდ 2 მოთამაშე დავიმატეთ, ორთან მოლაპარაკება გვაქვს. რაც მთავარია, შევინარჩუნეთ ის ბირთვი, რომლის დატოვებაც მინდოდა. მიმაჩნია, რომ ტრანსფერებზე მნიშვნელოვანი იმ ფეხბურთელების შენარჩუნებაა, ვისთანაც ნახევარი სეზონი ერთად გავატარეთ და, ფაქტობრივად, უსიტყვოდ ვუგებთ ერთმანეთს.

აკადემიიდან გადმოყვანილ მოთამაშეებს გუნდთან შესაგუებლად დიდი დრო არ დასჭირდათ, ზოგმა გადამწყვეტი გოლებიც გაიტანა, ბევრმა თავი კარგად წარმოაჩინა. სულ 16 ფეხბურთელმა ითამაშა, ეს არის გუნდის სიძლიერე და ის საძირკველი, რაზეც თბილისის „დინამო“ დგას.

დარწმუნებული ვარ, რომ ევროტურნირებს ძლიერი გუნდით შევხვდებით. ზუსტად ვიცი, რომ ნებისმიერი მეტოქისთვის სერიოზული ძალა ვიქნებით და ჯგუფში მოხვედრისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. თუმცა ეს რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, რა მდგომარეობა იქნება ტრავმების მხრივ და ვინ შეგვხვდება წილისყრისას. წინასწარ მაინც ვერ ვიტყვი, რას ვიზამთ, ეს არასწორი იქნება“, – აცხადებს გიორგი ჭიაბრიშვილი.