გიორგი ჭიაბრიშვილი – ბათუმის „დინამო“ „ტორპედოსთან“ თავს გადაახტა, რადგან საკადრო პრობლემები გვქონდა და სასურველი ხარისხისგან შორს ვართ #1TVSPORT
ბათუმში გამართული ეროვნული ლიგის ტურის ცენტრალური შეხვედრა, სადაც ადგილობრივმა „დინამომ“ ქუთაისის „ტორპედო“ დაამარცხა, მეტოქე გუნდების მწვრთნელებმა შეაფასეს. შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 49-ე წუთზე რეზი ინჯგიამ გაიტანა და ბათუმელებს გამარჯვება მოუტანა.
დირკ შუსტერი, ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი: „მართალია, ზედიზედ მეოთხე თამაშს ვაგებთ, მაგრამ თუ თამაშს დააკვირდით, 90 წუთი ვდომინირებდით – განსაკუთრებით პირველ ტაიმში და მეორე ნახევრის ბოლოს. ბევრი რეალური შანსი გვქონდა, რომელთა გამოყენებაც შეგვეძლო. მინიმუმ ქულას მაინც ვიმსახურებდით. ამიტომ ვარჯიშებზე მეტი უნდა ვიმუშავოთ და შემდეგ თამაშებს უკეთ ჩავატარებთ.“
გიორგი ჭიაბრიშვილი, ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი: „ჩვენ ჯერ მზად არ ვართ სასურველ დონეზე სათამაშოდ. დღეს საკუთარ თავს გადავახტით, რადგან შეხვედრას სერიოზული საკადრო პრობლემებით, ტრავმებით და ნახევრად მოუმზადებლები შევხვდით. ბევრ რამეში გაგვიმართლა, მაგრამ ალოგიკური არ არის, რომ გავიმარჯვეთ, რადგან ჩვენი მომენტი გამოვიყენეთ. რა თქმა უნდა, იმ ხარისხისგან შორს ვართ, რაც ჩემს სტაფს და ფეხბურთელებს გვინდა, მაგრამ ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ამასაც დავალაგებთ.“