გიორგი ჭელიძე - „თელავში“ ჩემი რესურსი ამოვწურე და შედეგს ვეღარ მოვუტანდი #1TVSPORT
გიორგი ჭელიძე - „თელავში“ ჩემი რესურსი ამოვწურე და შედეგს ვეღარ მოვუტანდი #1TVSPORT

გიორგი ჭელიძემ „თელავის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასვლაზე განმარტება გააკეთა და ამ მოულოდნელი გადაწყვეტილების მიზეზები ახსნა.

„პირველ რიგში, მადლობა საფეხბურთო კლუბ „თელავს“, რომ მომცა საშუალება მემუშავა ეროვნულ ლიგაში, რაც ძალიან დიდი პატივია ჩემთვის. პირველად, როცა გუნდის დირექტორმა სოსო გრიშიკაშვილმა დამირეკა და „თელავის“ გაწვრთნა შემომთავაზა, ფაქტობრივად, მაშინვე დავთანხმდი და მუშაობასაც ძალიან დიდი ენთუზიაზმით შევუდექი. რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, ბევრი ფიქრის შემდეგ პირადად მივიღე, სხვა არავინ ჩარეულა, ფეხბურთია და ხდება – ცხადია, ვიცოდი, რომ კლუბისთვის ეს მოულოდნელი იქნებოდა,. მინდა, გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის ყველას დიდი მადლობა ვუთხრა. გადაწყვეტილება დიდი ხნის ფიქრის შემდეგ პირადად მივიღე, უბრალოდ, ვფიქრობ, რომ გუნდში ამოვწურე ჩემი რესურსი და „თელავს“ შედეგს უკვე ვეღარ მოვუტანდი“, – ამბობს გიორგი ჭელიძე.

„თელავის“ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელობისა და ქომაგებისთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო და გული დასწყდათ. ჭელიძემ კომენტარი ამის შესახებაც გააკეთა.

ქომაგებისგან ძალიან დიდი სითბო, სიყვარული მოდიოდა და ჩვენც ყველანაირად ვცდილობდით მათთვის ანალოგიურად გვეპასუხა ჩვენივე თამაშით და შედეგებით, მათი თითოეული ტაში და შეძახილები ძალიან დიდ მოტივაციას გვაძლევდა და მადლობა მათ ამ ყველაფრისთვის. რაც შეეხება კლუბის ხელმძღვანელობას, ვიცი, გულდაწყვეტილები იქნებიან და მერწმუნეთ, მეც იგივე მდგომარეობაში ვარ, უბრალოდ, ასე ჩავთვალე საჭიროდ, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა და მიმეღო ეს გადაწყვეტილება – ერთი ვიცი, „თელავი“ გიორგი ჭელიძით არც დაწყებულა და არც დამთავრდება, იმიტომ, რომ ამ გუნდს ისეთი მაგარი ხელმძღვანელობა ჰყავს, რომ დარწმუნებული ვარ, მის სასიკეთოდ არაფერს დაიშურებს“.

„მართალია, გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელი წავიდა, მაგრამ მჯერა, „თელავს“ ახალი მთავარი მწვრთნელიც მალე ეყოლება და შევსებაც საკმაოდ კვალიფიციური მოთამაშეებით ექნება – რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, მინდა, კიდევ ერთხელ წარმატებები გულით ვუსურვო „თელავს“, რადგან მოსვლასაც თავისი დრო აქვს და წასვლასაც: ყველას უღრმესი მადლობა“, – განაცხადა ჭელიძემ „თელავის“ პრესსამსახურთან ინტერვიუში.