გიორგი ჩაკვეტაძეს „უოტფორდი“ და ინგლისური ფეხბურთი მოსწონს - მთავარია, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის მზად იყოს #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძეს „უოტფორდი“ და ინგლისური ფეხბურთი მოსწონს - მთავარია, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის მზად იყოს #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძეს „უოტფორდის“ პრესსამსახურმა პირველი ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც ქართველმა შემტევმა ინგლისურ კლუბთან დაკავშირებულ მოლოდინებსა და საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა.

„გიორგი ჩაკვეტაძეს ძალიან უნდა შაბათს (21 ოქტომბერს) „შეფილდ უენსდეისთან“ ითამაშოს. ის კლუბს საქართველოს ნაკრებიდან დაუბრუნდა, სადაც შთამბეჭდავი ორი კვირა გაატარა და თავის ნაკრებს ზედიზედ ორ მოგებაში დაეხმარა. გიორგი ბედნიერია, რომ თავისი ქვეყნისთვის თამაშობს ისეთ ტალანტთან ერთად, როგორიც, მაგალითად, „ნაპოლის“ ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიაა. ახლა კი 24 წლის ფეხბურთელს წარმატების მიღწევა კლუბში სურს“, – წერია ინტერვიუს შესავალში.

„საქართველოს ნაკრებმა ორი ძალიან კარგი თამაში ჩაატარა – დიდი ანგარიშით მოვიგეთ ტაილანდთან (8:0) და კვიპროსთან (4:0). მოხარული ვარ, რომ ამ გამარჯვებებში ჩემი წვლილიც შევიტანე. ჩვენთვის მთავარია მარტში, ერთა ლიგაზე ვითამაშოთ წარმატებით. ტურნირის ნახევარფინალში ვართ და გამარჯვების შემთხვევაში, ფინალში გავალთ, რაც 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შანსს მოგვცემს.

საქართველოს ნაკრებში თამაში სასიამოვნოა და ყოველთვის მიხარია იქ ყოფნა. ეროვნული გუნდი ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს და ყოველთვის ბედნიერი ვარ, როდესაც მიწვევენ. ჩვენ ხვიჩა კვარაცხელია გვყავს, რომელიც ძალიან კარგი ფეხბურთელია. მასთან თამაში სასიამოვნოა. ვფიქრობ, რომ ის მეტოქესთან ერთი-ერთზე თამაშში საუკეთესოა, ამას გარდა ძალიან კარგი ადამიანია. საქართველოში ხალხს ძალიან უყვარს ფეხბურთი. „უოტფორდში“ ჩემს თამაშს, ხოლო „ნაპოლიში“ კვარაცხელიას გამოსვლას ყველა უყურებს.

ახლა კლუბში თამაშზე ვარ კონცენტრირებული. ძალიან ბედნიერი ვარ ინგლისში გადმოსვლით, აქ ყოფნა ჩემი ოცნება იყო. ყველაფერი ძალიან მომწონს – პერსონალი, ფეხბურთელები, ხალხი. ბავშვობაში პრემიერლიგას და კრიშტიანო რონალდის თამაშებს ხშირად ვუყურებდი. ის ჩემი საყვარელი ფეხბურთელი იყო ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც ინგლისში თამაშობდა.

„უოტფორდმა“ სეზონი რთულად დაიწყო, მაგრამ მჯერა ამ გუნდის და დარწმუნებული ვარ, ვითარებას შევცვლით. თუ შაბათს „შეფილდ უენსდეისთან“ მოვიგებთ, ყველაფერი ბევრად უკეთესად იქნება. დარწმუნებული ვარ, ამას შევძლებთ, რადგან კარგი ფეხბურთელები გვყავს და მათთან თამაში ძალიან მსიამოვნებს.

ინგლისში საოცარი გულშემატკივრები არიან, აქ თამაში შემიყვარდა. ფანების თანადგომა ძალიან მეხმარება, რისთვისაც მათი მადლობელი ვარ“, – ამბობს გიორგი ჩაკვეტაძე.