გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდის“ ახალი სეზონისთვის სათამაშო ფორმა წარადგინა #1TVSPORT
ინგლისის ჩემპიონშიფის 2025/26 წლების სეზონისთვის „უოტფორდის“ ახალი საშინაო ფორმა გიორგი ჩაკვეტაძემ წარადგინა – ფოტოს გუნდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
„„უოტფორდის“ ახალი ფორმა თანამედროვე დიზაინის მიხედვითაა შექმნილი, რომელიც ტრადიციას აღნიშნავს და ამავდროულად, მომავლისკენ თავდაჯერებულად მიიწევს წინ“, – წერია კლუბის ვებგვერდზე.
გუნდის ახალი საშინაო ფორმის ფერები ტრადიციული ყვითელი და წითელია. „უოტფორდისთვის“ ფორმას ზედიზედ მეექვსე წელია კომპანია „კელმე“ აწარმოებს. ასევე აღნიშნულია, რომ მაისური პირველად არის დამზადებული გადამუშავებული პოლიესტერისგან.
ზოგადად ახალ ფორმას გუნდის ლიდერები და წამყვანი მოთამაშეები წარადგენენ. გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისშია და ახალი სეზონისთვის გუნდთან ერთად ემზადება, მაგრამ ჯერ უცნობია, „უოტფორდში“ ითამაშებს თუ არა, რადგან რამდენიმე გუნდი იწვევს, მათ შორის – სამი პრემიერლიგიდანაა.