გიორგი ჩაკვეტაძემ ახალი სეზონისთვის მზადება „უოტფორდში“ დაიწყო #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისში დაბრუნდა და „უოტფორდში“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
„გუნდის რამდენიმე მოთამაშე კლუბში წინასასეზონო მომზადების ოფიციალურად დაწყებამდე ერთი კვირით ადრე დაბრუნდა, მათ შორის არიან გიორგი ჩაკვეტაძე, კვადვო ბაა და კევინ კებენი, რომლებსაც გასული სეზონის ბოლოს ტრავმები აწუხებდათ.
მოთამაშეებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს და თავიდან ფიტნესდარბაზში ივარჯიშეს, კვირის ბოლოს კი განახლებულ სავარჯიშო მოედანზე გადაინაცვლეს. 23 ივნისიდან გუნდი თითქმის სრული შემადგენლობით შეიკრიბება“, – წერს „უოტფორდის“ ვებგვერდი.
შეგახსენებთ, რომ, გავრცელებული ცნობებით, გიორგი ჩაკვეტაძის შეძენით ინგლისის პრემიერლიგის გუნდები – „ვულვერჰემპტონი“, „ლიდსი“ და „ევერტონი“ არიან დაინტერესებულნი.