გიორგი ჩაკვეტაძე - ნაკრებში პირველად ვაისის ხელმძღვანელობით ვითამაშე და ვიცი, ფეხბურთელისგან რას მოითხოვს #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძე - ნაკრებში პირველად ვაისის ხელმძღვანელობით ვითამაშე და ვიცი, ფეხბურთელისგან რას მოითხოვს #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძემ პირველი კომენტარი გააკეთა ბრატისლავას „სლოვანში“ ჩაირიცხვის შემდეგ, სადაც საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, ვლადიმერ ვაისის ხელმძღვანელობით, გურამ კაშიას და ჯაბა კანკავას გვერდით ითამაშებს.

„ჩამოსვლამდე „სლოვანზე“ შესანიშნავი რეკომენდაციები მქონდა გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავასგან, რომლებსაც საქართველოს ნაკრებიდან ვიცნობ. ისინი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან, მაგრამ მოუთმენლად ველი არა მხოლოდ მათ, არამედ ყველა ჩემს ახალ თანაგუნდელს. ასევე ვიცნობ ვლადიმირ ვაისს, რომლის ხელმძღვანელობითაც ნაკრებში თამაში დავიწყე. ვიცი, რას მოითხოვს ის ფეხბურთელებისგან და როგორს ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას“, – ამბობს გიორგი ჩაკვეტაძე.

22 წლის ქართველმა შემტევმა ახალ გუნდში საკუთარ მიზნებზეც ისაუბრა: 

ბრატისლავას „სლოვანში“ მოვედი, რომ დავეხმარო გუნდს წარმატების მიღწევაში როგორც სლოვაკეთში, ასევე – ევროპაში. ყველაზე კარგად თავს შემტევი ნახევარმცველის, ეგრეთ წოდებულ ათიანის პოზიციაზე ვგრძნობ, მაგრამ მარცხნივ თამაშიც შემიძლია. ვეღარ ვითმენ, გუნდის სტადიონზე პირველად როდის ვითამაშებ. „სლოვანში“ მუშაობის დაწყებას მოუთმენლად ველოდები“.

გიორგი ჩაკვეტაძე ფეხბურთის თამაშში „დინამო თბილისის“ აკადემიაში დაიწყო, მთავარ გუნდში კი მისი დებიუტი ქართულ უმაღლეს დივიზიონში 17 წლის ასაკში შედგა. მან ევროპული კლუბების ინტერესი გამოიწვია და 2017 წლის ზაფხულში ბელგიურ „გენტში“ გადავიდა, სადაც პირველ სეზონში ყველა ტურნირზე თავი 6 გოლით და 9 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. 19 წლის ბიჭი მომდევნო სეზონში „გენტთან“ ერთად ბელგიის ვიცეჩემპიონი გახდა.

სულ „გენტის“ შემადგენლობაში 80 მატჩი ჩაატარა და ბელგიაში თითქმის ხუთწლიანი გამოსვლის შემდეგ, გაზაფხულზე „ჰამბურგში“ იჯარით გადავიდა – ჩაკვეტაძემ გერმანიაში 12 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პირველად 2018 წლის მარტში ითამაშა, სადაც 14 მატჩში ანგარიშზე 5 გოლი ჩაიწერა.

დატოვე კომენტარი