გიორგი ჩაკვეტაძე - მოედანს ნოემბრამდე დავუბრუნდები
გიორგი ჩაკვეტაძე - მოედანს ნოემბრამდე დავუბრუნდები

გიორგი ჩაკვეტაძის თქმით, ის მოედანს ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბერში დაუბრუნდება. ეს საქართველოს ნაკრებისა და „გენტის“ შემტევმა ნახევარმცველმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

„ჯერ ზუსტად არ ვიცი, მოედანს როდის დავბრუნდები, საამისოდ დრო დამჭირდება. სავარაუდოდ, თამაშს ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბერში შევძლებ“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გიორგი ჩაკვეტაძე.

19 წლის ფეხბურთელი თავს უკვე კარგად გრძნობს და რეაბილიტაციას აგრძელებს. გიორგი თბილისშია და ეროვნული ლიგის მატჩს („ვიტ ჯორჯია“ – ქუთაისის „ტორპედო“) დაესწრო.

გიორგიმ მარჯვენა მუხლი დაიზიანა. მისი მოედანზე დაბრუნების მცდელობა ორჯერ წარუმატებლად დასრულდა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ოპერაცია კი მაისის დასაწყისში ანტვერპენში წარმატებით ჩაუტარდა.

როგორც ცნობილია, ტრავმის გამო ჩაკვეტაძემ ბელგიის ჩემპიონატის თითქმის მთელი საგაზაფხულო სეზონი და თასის ფინალი გამოტოვა, სადაც „გენტი“ „მეჰელენთან“ ანგარიშით 1:2 დამარცხდა.