გიორგი ცეცაძე - „თელავს“ რეალიზაციის პრობლემა აქვს, საქმე ამიტომაც გავირთულეთ #1TVSPORT
გიორგი ცეცაძე - „თელავს“ რეალიზაციის პრობლემა აქვს, საქმე ამიტომაც გავირთულეთ #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ 11-მატჩიანი მოუგბელი სერია შეწყვიტა და „გაგრა“ 1:0 დაამარცხა. კახელების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ცეცაძემ გუნდის პრობლემაზე საუბრისას განაცხადა, რომ გუნდი აუტსაიდერთა ზონაში საგოლე მომენტების რეალიზაციის პრობლემის გამო მოხვდა.

„როგორც იქნა, მოვიგეთ – შერცხვენილები ვიყავით „თელავის“ გულშემატკივრებთან. ასე ცხოვრებაში არც მე ვყოფილვარ და არც ჩვენი გუნდის ბევრი მოთამაშე, ამდენი ხანი თამაშს რომ ვერ ვიგებდით.

იყო შეხვედრები, რომლების მოგებაც ჩვეულებრივ შეგვეძლო, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. „გაგრასთანაც“ გავიტანეთ და ყველამ ნახა, რომ დამსახურებულად გავიმარჯვეთ. უფრო დიდი ანგარიში უნდა ყოფილიყო. მაგრამ რეალიზაციის პრობლემა გვაქვს. საქმე ამიტომაც გავირთულეთ.

თუმცა, ფეხბურთელები ვარჯიშებზე შრომობენ, რასაც ვერავინ ხედავს. სადაც მიმუშავია, ასე არსად არ ყოფილა – ყველა მატჩისთვის თავგამოდებით ემზადებიან. ამიტომაა, „გაგრასთან“ მოგებით ბედნიერები რომ ვართ.

მიუხედავად იმისა, რომ „გაგრა“ათი კაცით გვეთამაშებოდა, უფრო დიდი ანგარიშით მოგების საშუალება არ მოგვცა და ყველამ ნახა, რამდენი მომენტი ჰქონდათ. კარგია, საფეხბურთო კანონი რომ არ ამოქმედდა და გამოუყენებელი მომენტებისთვის არ დავისაჯეთ“, – ამბობს გიორგი ცეცაძე.

„თელავი“ ეროვნულ ლიგაში 12 ტური ვერ იგებდა. ბოლოს „გაგრამდე“ გუნდმა 3 ქულა მე-19 ტურში საგურამოში „ლოკომოტივთან“ (2:0) მოიპოვა. ეს მატჩი 26 ივნისს გაიმართა – მას შემდეგ ოთხი თვე (11 მატჩი) „თელავი“ მოგებას ვერ ახერხებდა.

ახლა გუნდი 34 ქულით მე-7 პოზიციაზეა და სეზონის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე პლეიაუტის (გადათამაშების) ზონაში მყოფ ბოლნისის „სიონთან“ (30) და „გაგრასთან“ (29) სხვაობა გაზარდა.