გიორგი ცეცაძე - რუსთავში სტადიონის აშენებას ისეთი გუნდით უნდა შევხდეთ, ტრიბუნაზე ყველა ადგილი რომ შეივსოს #1TVSPORT
გიორგი ცეცაძე - რუსთავში სტადიონის აშენებას ისეთი გუნდით უნდა შევხდეთ, ტრიბუნაზე ყველა ადგილი რომ შეივსოს #1TVSPORT

„რუსთავის“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ცეცაძემ თურქული შეკრება შეაფასა.

„ბევრმა ფეხბურთელმა კარგი გამოცდილება მიიღო. სხვადასხვა ქვეყნის, სხვადასხვა სტილის ძლიერ გუნდებს ვეთამაშეთ.

იდეალური შედეგები არ გვქონდა, მაგრამ შეკრება სათანადოდ გამოვიყენეთ – საერთაშორისო ამხანაგურმა თამაშებმა გუნდის შესაძლებლობები და დადებითი მხარეები დაგვანახა. ვფიქრობ, დაცვა ძალიან გავაძლიერეთ და შეტევაც განვაახლეთ.

ძალიან ცუდია, რომ რუსთავში არ ვთამაშობთ, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ ესეც დროებითია. „რუსთავი“ დიდი პროექტის ნაწილია – როდესაც ჩვენი სტადიონი აშენდება, ისეთი გუნდით უნდა შევხვდეთ, ტრიბუნაზე ყველა ადგილი რომ შეივსოს და გულშემატკივარმა დიდი სიხარული მიიღოს“.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში უეფა-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტების, 8000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის პროექტირებაზე საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი გამოაცხადა, რომლის გამარჯვებულმა კომპანიამ, „სტუდიო 9“-მ წინასაპროექტო კვლევა უკვე დაასრულა.