უნგრულმა კლუბმა, „უიპეშტმა“ გიორგი ბერიძესთან კონტრაქტი გააფორმა. ქართველ ფეხბურთელს ამ გუნდში უკვე ორჯერ უთამაშია, – ინფორმაციას „უიპეშტის“ პრესსამსახური ავრცელებს.
„ბერიძემ ფეხბურთის თამაში სამშობლოში დაიწყო. მისი დებიუტი პროფესიონალურ ფეხბურთში გორის „დილას“ შემადგენლობაში შედგა. ჩვენს გუნდში ჯამში 96 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 33 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ის 27 წლისაა და ჩვენს მწვრთნელს ახლა შეტევის ხაზში მრავალფეროვანი არჩევანი აქვს“, – წერია „უიპეშტის“ ოფიციალურ განცხადებაში.
გიორგი ბერიძე 2022-2023 წლებში „ანკარაგუჩუში“ თამაშობდა, ხოლო 2023 წლიდან „კოჩაელისპორის“ ღირსებას იცავდა. მის უნგრეთში დაბრუნებაში მენეჯერი ლაშა ოდილაძე მონაწილეობდა, რომელიც მიიჩნევს, რომ 27 წლის თავდამსხმელს „უიპეშტში“ თავის გამოჩენა და საქართველოს ნაკრებში დაბრუნება შეუძლია.