გიორგი ბერიძე კარიერას „იბერიაში“ გააგრძელებს #1TVSPORT

11:20, 20.09.2026

Geo Team-ის ინფორმაციით, გიორგი ბერიძემ საქართველოს ჩემპიონ „იბერიასთან“ კონტრაქტი გააფორმა და გუნდთან ერთად ვარჯიშიც მოასწრო.

29 წლის ფლანგის შემტევის მთავარი მოტივაცია ისაა, რომ „იბერია“ კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე ითამაშებს. ბერიძემ პროფესიული კარიერა 2013 წელს გორის „დილაში“ დაიწყო, რის შემდეგაც მცირე ხნით „ზესტაფონში“ გადავიდა. 2015 წლიდან კი მან საქართველო დატოვა და უცხოეთში თამაშობდა.

თავდაპირველად, მან კონტრაქტი ბელგიურ „გენტთან“ გააფორმა, თუმცა გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა და იჯარის წესით ჯერ სლოვაკურ „ტრენჩინში“ გადავიდა, სადაც სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 2018-2020 წლებში მან იჯარით კიდევ ორი კლუბი გამოიცვალა – „უიპეშტი“ და „ლოკერენი“.

2020 წლის შემოდგომაზე ბერიძე „უიპეშტს“ სრულფასოვანი კონტრაქტით შეუერთდა. პირველივე სეზონში უნგრეთის თასი მოიპოვა და 6 გატანილი გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

2022 წლის 28 მაისს ფეხბურთელმა კონტრაქტი თურქეთის სუპერლიგის კლუბ „ანკარაგიუჯუსთან“ გააფორმა, ხოლო 2023 წლის 12 სექტემბერს „ქოჯაელისფორში“ ორწლიანი კონტრაქტით ჩაირიცხა. 2026 წელს ის კვლავ „უიპეშტში“ დაბრუნდა, რომელიც გასული სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა.

გიორგი ბერიძეს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები. ეროვნულ ნაკრებში მისი სადებიუტო შეხვედრა 2018 წლის პირველ ივნისს, მალტის წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში შედგა. საერთო ჯამში, მან „ჯვაროსნების“ ფორმა რვაჯერ მოირგო და ერთი გოლი გაიტანა.

მსგავსი