გიორგი ბარამიძე - არც ერთმა სიტყვით გამომსვლელმა არ ახსენა ის ადამიანები, ვინც ამ ოლიგარქიულ რეჟიმს ებრძვის და ამიტომ ისინი დღეს ციხეში არიან
გიორგი ბარამიძე - არც ერთმა სიტყვით გამომსვლელმა არ ახსენა ის ადამიანები, ვინც ამ ოლიგარქიულ რეჟიმს ებრძვის და ამიტომ ისინი დღეს ციხეში არიან

გუშინდელ ისტორიულ აქციაზე, სადაც, პოლიტიკური, იდეოლოგიური თუ სხვა საკითხებში განსხვავებული პოზიციების მქონე, საქართველოს პატრიოტი მოქალაქეები ერთად ვიდექით და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასა და დეოლიგარქიზაციას მხარს ერთხმად ვუჭერდით, უკვე ბევრი ძალიან დადებითი სიტყვები ითქვა, რასაც გულწრფელად ვიზიარებ, – წერს „ფეისბუქში“ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გიორგი ბარამიძე.

ბარამიძის თქმით, აქციაზე არც ერთმა სიტყვით გამომსვლელმა არ ახსენა ის ადამიანები, ვინც „ოლიგარქიულ რეჟიმს ებრძვის და ამიტომ ისინი დღეს ციხეში არიან“.

„ყველას დიდი მადლობა, ვინც ამ შესანიშნავ აქციაზე მოვიდა და ვინც მის ორგანიზებაში თავისი წვლილი შეიტანა.

ამავდროულად არ შემიძლია ჩემი გაკვირვება არ გამოვხატო, იმ სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით, რომ არც ერთმა სიტყვით გამომსვლელმა, არ ახსენა ის ადამიანები, ვინც ამ ოლიგარქიულ რეჟიმს ებრძვის და ამიტომ ისინი დღეს ციხეში არიან.

გასაგებია, რომ მნიშვნელოვანია განსხვავებულ ადამიანთა ერთიანობის შენარჩუნება ევროკავშირში გაწევრიანების იდეის ირგვლივ, მაგრამ ეგ როგორ მოხდება, თუ ვითაკილეთ ან მოვერიდეთ ვთქვათ ის მწარე სიმართლე, რა მძიმე რეალობა გვაქვს ქვეყანაში, როცა რეჟიმს ყავს პოლიტიკური პატიმრები?

არავის ვაძალებთ შეიყვაროს პრეზიდენტი სააკაშვილი, ან ნიკა გვარამია, ან ბაჩო თამლიანი, ან ძმები წულუკიძეები, ან სამშობლოს პატრიოტი ოფიცრები (რომა შამათავა) და სხვები, მაგრამ ის ხომ უნდა ერთად დავგმოთ რომ რეჟიმს პოლიტპატიმრები ყავს?

როგორ უნდა ავუაროთ გვერდი იმ ჭეშმარიტებას, რომ ევროპული პრინციპები გვკარნახობს, საქართველოს აღარასდროს აღარ ყავდეს პოლიტიკური პატიმარი და რომ ეს ხალხი უნდა გათავისუფლდეს?

რა გამოდის, ვიბრძვით ევროკავშირისთვის და გვერიდება, გვეთაკილება, გვიტყდება თუ რა არ ვიცი და არ ვახსენებთ ამ ხალხს, ვინაც ამდენი გააკეთა იმისათვის რომ საქართველო თავისუფალი და ევროპული სახელმწიფო ყოფილიყო, შემდეგ წინ აღუდგა ამ გზის მოწინააღმდეგე რეჟიმს და ახლა მას ამის გამო ციხეში ყავს გამომწყვდეული?

ეგ არაა თავისუფლება ან ევროპელობა, ეგ არაა სამართლიანი და ეს არაა სწორი არცერთი ასპექტით.

“ევროპელობა” (ბევრ სხვა სწორ პრინციპთან ერთად) იმასაც ნიშნავს, რომ დაიცვა იმ ადამიანის უფლებებიც, ვინც შენ არ მოგწონს, შეიძლება გეხიზღება კიდეც!

არავის ვთხოვთ გამუდმებით ამაზე საუბარს და მათი სახელების სკანდირებას, უბრალოდ სურვილი მაქვს მომავალი აქციები და საერთო მოქმედება იყოს უკეთესი და მართლაც იმ ფასეულობების შესაბამისი, რაზეც არის დაფუძნებული ევროკავშირი.

სამართლიან სასამართლოზე ვსაუბრობთ და ეს ყველას გვინდა და როგორ უნდა ავუაროთ გვერდი იმ ხალხს, ვინც ოლიგარქის ჯიბის სასამართლომ პოლიტიკური მოტივებით ციხეში გაუშვა?

ვინ დაიჯერებს ჩვენი ზრახვების გულწრფელობას თუ ეს უმარტივესი პრინციპები დავივიწყეთ?

ბოლოს მინდა გულწრფელად ვისურვო, რომ ასეთი შეცდომები აღარ განმეორდება და საქართველოს ევროპული მომავლისთვის მშვიდობიან ბრძოლაში ჩართული სამოქალაქო ჯგუფები, პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ ცალკეული მოქალაქეები, ყველანი ერთად, მიუხედავად ჩვენი განსხვავებებისა, ერთმანეთს და ევროპულ პრინციპებს პატივს ვცემთ და საბოლოოდ ჩვენი ძალისხმევა საქართველოსთვის სასიკეთო შედეგს გამოიღებს.

დიდება საქართველოს!

#თავისუფლებამიშას და ნიკას!

Slava Ukrayni!“ – წერს „ფეისბუქში“ გიორგი ბარამიძე.