გიორგი ათაბეგაშვილი - თელ-ავივში თავის გამოჩენის შანსი ახალგაზრდებსაც მიეცემათ
გიორგი ათაბეგაშვილი - თელ-ავივში თავის გამოჩენის შანსი ახალგაზრდებსაც მიეცემათ

18-20 თებერვალს თელ-ავივი ძიუდოს გრანდსლემს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს სახელით 13 კაცი და სამი ქალი ძიუდოისტი იასპარეზებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სამწვრთნელო შტაბისა და ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, რამდენიმე ტიტულოვანი ძიუდოისტი ტურნირზე მონაწილეობას არ მიიღებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდა ძიუდოსტებს მიეცემათ საშუალება თავი გამოიჩინონ, ზოგს კი ნაკრებში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად მოუწევს ბრძოლა.

თელ-ავივის გრანდ სლემთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღეში გაიმართება, საქართველოს პირველი არხი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი ათაბეგაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მიუხედავად ოდნავ შესუსტებული შემადგენლობისა, ტურნირზე საქართველოს ნაკრები უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს და რაც შეიძლება მეტი მედლის მოპოვებას შეეცდება.

„ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის შემადგენლობის ნაწილი უკვე თელ-ავივშია, ხოლო დანარჩენი  დღეს დილას გაემგზავრა ტურნირზე. ძიუდოისტები ჯანმრთელად არიან და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ჩვენი ქვეყანა ასახელონ – განაცხადა ათაბეგაშვილმა. ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა ის 13 მამაკაცი და სამი ქალი ძიუდოისტი დაასახელა, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის მედლების მოპოვებას შეეცდებიან.

60 კგ. თემურ ნოზაძე.

66 კგ. ბაგრატ ნინიაშვილი, გიორგი ბაზანდარაშვილი.

73 კგ. ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი.

81 კგ. ლუკა მაისურაძე, ვლადიმერ ახალკაცი.

90 კგ. ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ბექაური.

100 კგ. ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე.

+100 კგ. გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი.

52 კგ. ტატიანა ლევიცკა-შუკვანი, მარიამ ჯანაშვილი 57 კგ. ეთერ ლიპარტელიანი.