გიორგი ათაბეგაშვილი - ძიუდოს ნაკრების გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე შეიძლება დადებითად ჩაითვალოს
გიორგი ათაბეგაშვილი - ძიუდოს ნაკრების გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე შეიძლება დადებითად ჩაითვალოს

პრაღაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში, სადაც საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედალი აიღო და მამაკაცთა შორის გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა გუნდის გამოსვლა საქართველოს პირველ არხთან შეაფასა.

„გუნდის გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე შეიძლება ჩაითვალოს დადებითად, გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ჩვენი 9 წარმომადგენლიდან 7-მა ნახევარფინალში იასპარეზა. ამას ვამბობ მით უფრო იმის ფონზე, რომ ჩვენ 8 თვე საშეჯიბრო პრაქტიკა არ გვქონია – ეს იყო პანდემიის შემდგომ პერიოდში პირველი ღონისძიება, უნგრეთის გრანდ-სლემს თუ არ ჩავთვლით“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გიორგი ათაბეგაშვილი.

მისი თქმით, ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგები მნიშვნელოვანია ოლიმპიური გუნდის ფორმირებისთვისაც:

„ჩვენი ნაკრების წევრებისთვის ევროპის ჩემპიონატი მნიშვნელოვანი იყო იმიტომაც, რომ ეს ოლიმპიადის სალიცენზიო ქულებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურნირი იყო. მანამდე კი რამდენიმე წონით კატეგორიაში გუნდის ჩამოყალიბება მიმდინარეობს და ეს შედეგები საბოლოო გადაწყვეტილბებზე აისახება“.

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა ტატო გრიგალაშვილზეც ილაპარაკა, რომელმაც 81 კგ წონით კატეგორიაში არაჩვეულებრივად იასპარეზა და ფინალში 40 წამში ბულგარელი ივაილო ივანოვი დაამარცხა:

„რა თქმა უნდა განსაკუთრებით აღსანიშნავი 81 კილოგრამში ტატო გრიგალაშვილის გამოსვლა იყო. ის უფროსებში პირველად გამოვიდა, მანამდე 10 დღით ადრე კი ევროპის ჩემპიონი 23-წლამდელებში გახდა და წელი ოქროს მედლებით დაასრულა“.

დატოვე კომენტარი