გიორგი ასანიძე - მიმაჩნია, რომ ტომას ბახის ეს განცხადება მოძველებულია
გიორგი ასანიძე - მიმაჩნია, რომ ტომას ბახის ეს განცხადება მოძველებულია

საქართველოს პირველ არხთან ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ კომენტარი ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის წინააღმდეგ აგორებულ სკანდალზე გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ გერმანულ ტელეარხ „ა-ერ-დე“-ს (ARD) ეთერში გასულ დოკუმენტურ ფილმში ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ტამაშ აიანი კორუფციასა და დოპინგის გამოყენების ფაქტების დამალვაში დაადანაშაულეს.

საბოლოოდ, 81 წლის უნგრელმა ტამაშ აიანმა პოსტი დატოვა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საპატიო წევრის სტატუსზეც უარი თქვა. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ვითარების შესასწავლად კანადელი იურისტის, რიჩარდ მაკლარენის ხელმძღვანელობით დამოუკიდებელი კომისია შექმნა და გამოძიება დაიწყო. კომისიის შუალედური დასკვნის თანახმად, აიანის პრეზიდენტობისას დადებითი დოპინგ-სინჯების ფაქტები დაიმალა, ადგილი ჰქონდა კორუფციულ გარიგებებს და საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების მოსყიდვას.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, თომას ბახის განცხადებით კი, შესაძლოა, ოლიმპიური თამაშებიდან ძალოსნობა ამოიღონ.

„ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ დოპინგის წინააღმდეგ გაასმაგებული სიმკაცრით ბრძოლა 2013 წელს დაიწყო. ამაში ჩვენი ფედერაციაცაა ჩართული. ჩვენს სახეობაში წელიწადში 10-15 ტესტირება თუ ტარდება, სხვა სახეობაში ეს მაქსიმუმ 2-ჯერ ხდება. აქედან გამომდინარე, ჩავარდნის რიცხვიც მეტი იყო. მაგრამ დავაკვირდეთ სტატისტიკას – ადრე თუ წელიწადში ძალოსნობაში დოპინგის 150 ფაქტი დასტურდებოდა, ახლა ეს რიცხი ბევრად ნაკლებია. ამიტომ მიმაჩნია, რომ ტომას ბახის ეს განცახდება მოძველებულია. ძალოსნობის ოლიმპიადიდან ამოღება არც სახეობას წაადგება, არც ოლიმპიურ მოძრაობას და არც საქართველოს, რადგან ოლიმპიური მედლების მოპოვების რეალური შანსები გვაქვს“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე.