გიორგი არაბიძემ „ულსან ჰიუნდაი“ დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა #1TVSPORT
გიორგი არაბიძემ სამხრეთ კორეის ჩემპიონი „ულსან ჰიუნდაი“ დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა – ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.
სამხრეთ კორეის ჩემპიონი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატშიც მონაწილეობდა, მაგრამ არაბიძე გუნდის განაცხადში არ იყო. Geo Team-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქართველმა ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი ცალმხრივად გაწყვიტა და ტურნირზე ამის გამო არ იმყოფებოდა.
არაბიძე „ულსანში“ 2024 წელს ქუთაისის „ტორპედოდან“ გადავიდა. ახალ გუნდში ყველა ტურნირზე 12 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. შემდეგ კი ტრავმა მიიღო და 2024 წლის 26 ნოემბრის შემდეგ აღარ უთამაშია.
არაბიძე ამჟამად ინდივიდუალურად ემზადება და ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას.