გიორგი არაბიძე - „ტორპედო“ ევროტურნირზე მოტივირებული იქნება #1TVSPORT
გიორგი არაბიძე - „ტორპედო“ ევროტურნირზე მოტივირებული იქნება #1TVSPORT

გიორგი არაბიძემ კომენტარი გააკეთა ქუთაისის „ტორპედოს“ თურქულ შეკრებაზე, სადაც გუნდთან ერთად სეზონისთვის ემზადება – გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იმედოვნებს, რომ გუნდი ახალ სეზონში დასახულ მიზნებს მიაღწევს.

„შეკრება კარგად მიდის, გეგმას მივყვებით. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. ყველა ფეხბურთელი მოტივირებულია. ვემზადებით ახალი სეზონისთვის. გვაქვს უფრო დიდი ამბიციები, ვიდრე გასულ სეზონში.

ფიზიკურ მდგომარეობას რაც შეეხება, ყველა ფეხბურთელი და მეც დღითი დღე თავს უკეთ ვგრძნობთ. ერთი ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ, კიდევ რამდენიმეა დაგეგმილი, რომლებიც დაგვეხმარება როგორც ტაქტიკურად, ასევე ფიზიკურად – ასევე მოედანზე იმ თამაშის გადატანაში, რასაც ვარჯიშებზე ვამუშავებთ.

გუნდში ძალიან კარგი ვითარებაა, ფსიქოლოგიურად ყველა მზადაა და დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები მაქსიმუმს გააკეთებენ, რომ სეზონის ბოლოს სასურველ შედეგს მივაღწიოთ – ისეთს, როგორიც ჩვენ და ქუთაისელ გულშემატკივრებს გაგვიხარდება.

ქუთაისის „ტორპედო“ წელს კონფერენს ლიგაზე ითამაშებს, რომელსაც ცოტა სხვა დატვირთვა აქვს. ევროტურნირია და ყველანი მოტივირებულები ვიქნებით“, – ამბობს გიორგი არაბიძე.