გიორგი აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთის „ჯედაში“ გააგრძელებს – ინფორმაცია სოციალურ ქსელში სამენეჯერო სააგენტო Da Sport Consulting-მა გაავრცელა, რომლის კლიენტიც ქართველი ფეხბურთელია.
30 წლის ნახევარმცველმა კარიერა 16 წლის ასაკში რუსთავის „მეტალურგში“ დაიწყო. შემდეგ გორის „დილასა“ და თბილისის „ლოკომოტივში“ თამაშობდა. 2014 წელს კვიპროსის „ანორთოსისში“ ჩაირიცხა, 2016 წლის იანვარში ხელი მოაწერა სამწლიან კონტრაქტს ლა ლიგა 2-ის „ხიმნასტიკთან“.
იმავე წლის აგვისტოში ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა „სევილიასთან“ და მის სარეზერვო გუნდს შეუერთდა. მთავარ გუნდში არ უთამაშია და იჯარით ლა ლიგა 2-ის „ლუგოში“ გაუშვეს. ასევე თამაშობდა „ტვენტეში“, „რეალ ოვიედოში“, „კარტახენაში“, პორტუგალიურ კლუბებში „ჟილ ვისენტესა“ და „ავეშში“, თურქულ „ჰათაიასფორში“.
საქართველოს 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში თამაშის შემდეგ აბურჯანია 2016 წელს ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს – „ჯვაროსნებში“ ჩატარებულ 39 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.
საფეხბურთო კლუბი „ჯედა“ 1968 წელს დაარსდა, ამჟამად საუდის არაბეთის პირველ დივიზიონში (რანგით მეორე ლიგა) თამაშობს, გუნდის მთავარი მწვრთნელი ესპანელი ივან კარასკოა.