გიორგი აბაშიშვილი - პრეზიდენტის წინააღმდეგ შავი პიარის კამპანიაში სახელმწიფო უწყებებიც არიან ჩართული
გიორგი აბაშიშვილი - პრეზიდენტის წინააღმდეგ შავი პიარის კამპანიაში სახელმწიფო უწყებებიც არიან ჩართული

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ შავი პიარის კამპანიაში ჩართულები არიან სახელმწიფო უწყებები.

„სახელმწიფო უწყებები, იმის ნაცვლად, რომ ებრძოდნენ კრიმინალს, დაკავებულები არიან შავი პიარის წარმოებით საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, ორ გაერთიანებულ პოლიტიკურ პარტიასთან – „ქართული ოცნებასთან“ და „ევროპული საქართველოსთან“ ერთად. იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტის მოწოდების შესაბამისად, მაქსიმალურად ყველა ჩართულიყო იმ პროცესში, რომ გაგვეუმჯობესებინა სიტუაცია, მივიღეთ პასუხად ბინძური შავი პიარი და ბრალდებები საქართველოს პრეზიდენტის მისამართით“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, შესაბამისმა უწყებებმა ვერ დაიცვეს მოქალაქე, რომელმაც მათ დასაცავად მიმართა და დაიწყეს გადაბრალება საქართველოს პრეზიდენტზე.

„მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ვაცხადებ, რომ არც ერთი უწყებიდან, არც შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, არც პროკურატურისგან არ მიგვიღია არანაირი სტატისტიკა, რომლის შესახებაც გუშინ საუბრობდნენ. სინამდვილეში, ეს უწყებები ამ არალეგალურ სტატისტიკას, რომლის სანდოობაში კაცმა არ იცის, რამდენად უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, აძლევენ მათ, ასე ვთქვათ, რუპორ პოლიტიკოსებს იმისთვის, რომ როგორღაც ეს სტატისტიკა ლეგალურად გაასაღონ. ფაქტობრივად მთელი სახელმწიფო მანქანა ამ ორ პოლიტიკურ პარტიასთან ერთად მუშაობს საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ შავი პიარის ასაგორებლად“, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

მისი თქმით, სახელმწიფო სტრუქტურებს შორის ეფექტური თანამშრომლობა ნიშნავს, რომ თუ საჭიროა რაიმეს პრევენცია, უნდა მოხდეს ინფორმაციის გაცვლა და არა სიურპრიზების დაანონსება. აბაშიშვილის განცხადებით, ჯობია, სახელმწიფო უწყებები დაკავდნენ კრიმინალთან ბრძოლით, რათა ისევ არ მოხდეს ტრაგიკული ფაქტები.