გილბერტ ბერნსმა კორონავირუსი დაამარცხა და სატიტულო ბრძოლისთვის მზად არის
გილბერტ ბერნსმა კორონავირუსი დაამარცხა და სატიტულო ბრძოლისთვის მზად არის

როგორც ცნობილია, ბრაზილიელმა მებრძოლმა, გილბერტ ბერნსმა აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში ნახევრად საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა კორონავირუსის გამო ვერ გამართა. „დურინიოს“ COVID-19 კამარუ უსმანთან დაპირისპირებამდე რამდენიმე დღით ადრე დაუდგინეს. მის მაგივრად, ნიგერიელ ჩემპიონს ხორხე მასვიდალი დაუპირისპირდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

გილბერტ ბერნსმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. ბრაზილიელი აცხადებს, რომ მან კორონავირუსი დაამარცხა და მზად არის სატიტულო ბრძოლისთვის.

„ძალიან გახარებული ვარ, ვირუსი დავამარცხე. ორკვირიანი კარანტინის შემდეგ თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მზად ვარ საქმეში დასაბრუნებლად და სატიტულო ბრძოლის გასამართად“, – აცხადებს ბერნსი.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შედგება უსმანისა და ბერნსის დაპირისპირება, რადგან ნიგერიელი ჩემპიონი ოქტაგონზე დაბრუნებას მხოლოდ 180 დღის შემდეგ შეძლებს. მან მასვიდალთან ბრძოლის დროს ტრავმა მიიღო.