გიგი უგულავა - შვიდი წლის განმავლობაში „რუსთავი 2“-ის თანამშრომლები, გვარამიას ჩათვლით, ალყაშემორტყმულ ციხესიმაგრეს ამაგრებდნენ
გიგი უგულავა - შვიდი წლის განმავლობაში „რუსთავი 2“-ის თანამშრომლები, გვარამიას ჩათვლით, ალყაშემორტყმულ ციხესიმაგრეს ამაგრებდნენ

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ შვიდი წლის განმავლობაში „რუსთავი 2“-ის თანამშრომლები, ნიკა გვარამიას ჩათვლით, ალყაშემორტყმულ ციხესიმაგრეს ამაგრებდნენ. მან არხის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა ამისთვის.

„ალყაშემორტყმულ ციხესიმაგრეს ამაგრებდნენ, რათა ვიღაცას ფარცხალაძე სარდაფში რომ ჩაიყვანს, ხმის  ამომღები ყოფილიყო, ლარის კურსი რომ დაგვექცევა თავზე, ამის მიზეზებზე ესაუბრათ, სახელმწიფო ადამიანს რომ დაჩაგრავდა, პირველი „რუსთავი 2“-ისგან ითხოვდა შველას. ამისთვის ეკუთვნით მადლობა.

ჟურნალისტები თავად გადაწყვეტენ, როგორ გააგრძელონ ბრძოლა. არ მგონია, ამ ქვეყანაში ვინმე იყოს გულუბრყვილო და ვერ ხვდებოდეს, რომ ივანიშვილმა და არა ქიბარ ხალვაშმა ჩაიგდო არხი ხელში. სამწუხაროდ, მის ხელში ეს ტელევიზია ნირსა და ზნეს იცვლის. ეს ცუდია დანარჩენი ტელევიზიებისთვის, რადგან იყო ფანჯარა, იყო ლოკომოტივი. გაცილებით ღრმა და ყოვლისმომცველი იქნება პროტესტი, მე ეს გამოვლილი მაქვს და ვიცი, ამიტომ, გასახარებელი ივანიშვილს არაფერი აქვს, პირიქით, ახლა დაინახავს, რამხელა პრობლემის წინაშე დადგა და გადასაბრალებელიც არავისზე აღარაფერი ექნება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.