გიგი უგულავა - საზოგადოებას უნდა გარდამტეხი ცვლილებები, მაგრამ ეშინია და არ უნდა სააკაშვილით ჩანაცვლება
გიგი უგულავა - საზოგადოებას უნდა გარდამტეხი ცვლილებები, მაგრამ ეშინია და არ უნდა სააკაშვილით ჩანაცვლება

საზოგადოებას უნდა გარდამტეხი ცვლილებები, მაგრამ ეშინია და არ უნდა სააკაშვილით ჩანაცვლება, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ.

გიგი უგულავამ კომენტარი გააკეთა მის მიერ გუშინ გავრცელებულ ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით, რომელშიც აცხადებს: „მერაბიშვილმა გააღვივა სააკაშვილის ყველაზე ბნელი ინსტინქტები, სააკაშვილმა მხოლოდ საკუთარი ერთპიროვნული ძალაუფლებისთვის ოპოზიციის ერთობას ზურგში დანა ჩაარტყა, მეტი მიზანი და იდეა მას უბრალოდ არ აქვს“.

„მე რაც ვთქვი, არის აბსოლუტური სიმართლე და ვთქვი, რომ არჩევნების წინ ჩვენმა ამომრჩევლებმა უნდა იცოდნენ სრული სიმართლე, რადგან ძალიან ბევრ ადამიანს ვხვდები, რომლებიც წუხილით კითხულობენ, რატომ არ არის ერთიანი კანდიდატი ან რატომ არის მარტო თბილისში და რატომ არ არის ეს რეგიონებში. იმედგაცრუებას სწორედ ეს იწვევს ოპოზიციური ელექტორატის. ამიტომაც, მე ჩავთვალე საჭიროდ, რომ საზოგადოებას სრული სიმართლე სცოდნოდა. ამ სიმართლეს ვერ უარყოფს ვერც მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ ვერც ერთი წარმომადგენელი, რადგან ყველამ კარგად იციან და ბევრი მათგანი წუხს კიდეც ამასთან დაკავშირებით. ამასთანავე, ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი გადაუწყვეტელი ამომრჩეველია და უნდა ვანახოთ გზა ამ ვითარებაში, როდესაც ოპოზიცია ვერ შეჯერდა ერთიან კანდიდატზე, რა არის სწორი გზა ივანიშვილის არჩევნებით ჩამოშორების. სწორედ ეს არის პირველი, რომ 40 პროცენტზე ნაკლები აიღოს ივანიშვილის „ოცნებამ“. მეორე, დანარჩენი ოპოზიცია მეტი იყოს, ვიდრე „ნაცმოძრაობა“. და მესამე, კოალიციური მთავრობა სააკაშვილის პერსონალური მონაწილეობის გარეშე.

სწორედ ეს სამი კომპონენტი არის ის, რაც ჩვენს საზოგადოებას უნდა, საზოგადოებას უნდა ივანიშვილის წასვლა, საზოგადოებას უნდა გარდამტეხი ცვლილებები, მაგრამ ეშინია. ეშინია, მათ შორის სწორედ იმ ფაქტორის, რომ არ უნდა სააკაშვილით ჩანაცვლება. ამიტომ, კოალიცია არის ის, რასაც ხალხი უჭერს მხარს, 70 პროცენტი არის ჩვენი მოქალაქეების განსხვავებული პარტიის შეხედულებების, რომლებიც უჭერენ მხარს მრავალპარტიულობას. ერთი სიტყვით, ივანიშვილთან ერთად ერთპარტიული მმართველობა უნდა დამთავრდეს, ერთ კაცზე ეს ქვეყანა არ უნდა ეკიდოს. ჩვენ ვიბრძვით არა სახელების ჩანაცვლებისთვის, არამედ ვიბრძვით რეალური გარდამტეხი ცვლილებებისთვის, რომ რეალურად გამოვიტანოთ ქვეყანა ეკონომიკური სიდუხჭირიდან“, – განაცხადა გიგი უგულავამ.