გიგი უგულავა აცხადებს, რომ მართლმსაჯულების საკითხებზე მსჯელობისას ოპოზიცია შერიფების არჩევასაც განიხილავს
გიგი უგულავა აცხადებს, რომ მართლმსაჯულების საკითხებზე მსჯელობისას ოპოზიცია შერიფების არჩევასაც განიხილავს

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები „გირჩის“ ოფისში შეხვედრას მართავენ. როგორც „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, შეხვედრები, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იმართება, დაკავშირებულია საარჩევნო სისტემასთან. მათ ოფისში კი ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში მართლმსაჯულებისა და ძალოვანი სისტემის შეცვლაზე საუბრობენ.

„დღეს არის მეორე შეხვედრა, რომელსაც ფაქტობრივად ყველა პარტია ესწრება. დისკუსია იქნება, როგორ უნდა შეიცვალოს სასამართლო. შეიძლება, ვერ მოვასწროთ დასრულება და გავაგრძელებთ მომავალ შეხვედრებზე. ეს სამუშაო ჯგუფი არ გულისხმობს კონსულტაციებს მხოლოდ პარტიებთან, ჩვენ კონსულტაციები გვაქვს არასამთავრობო სექტორთან, მათ შორის დიპლომატიურ კორპუსთანაც და ძალიან ფართო ფორმატია“, – განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე ზურაბ ჯაფარიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი გიგი უგულავა აცხადებს, რომ მსჯელობენ, თუ როგორი უნდა იყოს სასამართლოს დამოუკიდებლობის მექანიზმები. ასევე, განიხილება შსს-სთან დაკავშირებული საკითხებიც.

„ერთი არის, რომ ივანიშვილი არის ცუდი, მაგრამ ამავე დროს, ცხოვრება გრძელდება და ხალხმა უნდა იცოდეს – ვთქვათ, წავიდა ივანიშვილი, რა ეშველება მართლმსაჯულებას, რა ეშველება განათლებას და ამ თვალსაზრისით, ძალიან განსხვავებული აზრები არსებობს. თუ ჩვენ, პოლიტიკური ოპოზიცია პრინციპების დონეზე ამას შევაჯერებთ, ეს იქნება ძალიან კარგი. ჩვენი ხედვა არის ის, რომ პრაქტიკულად მესამე მთავრობას ვიცვლით იმ დაპირებით, რომ მართლმსაჯულება იქნება დამოუკიდებელი და სულ უფრო დამოკიდებული ხდება აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. ამიტომ, აქ არის საუბარი იმ მექანიზმებზე, რა მექანიზმებიც უზრუნველყოფს დამოუკიდებლობას. ერთ-ერთი არის პროკურორების არჩევითობა, მეორე არის უზენაესში უცხოელი მოსამართლეების მოწვევა, რომლებიც სტანდარტებს დაადგენენ, რაც იქნება სახელმძღვანელო დანარჩენი მოსამართლეებისთვის. მათი მანიპულირება აღმასრულებელი ხელისუფლებიდან გაცილებით რთულია, მათ შორის პროკურატურის ფუნქციების დაშლა-განაწილება. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც ყველა ეპოქის ძალადობის ინსტრუმენტი, რაც ჩვენ შეგვრჩა კომუნისტური ეპოქიდან – აქაც საუბარი გვაქვს, რომ იყოს როგორც ამერიკაში, შერიფებს ირჩევენ. შეიძლება, რაიონების ან ოლქების მიხედვით არჩევა. აი ეს არის ის საკითხები, რომელზეც ჩვენ დღეს ვმსჯელობთ“, – აცხადებს უგულავა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მიესალმება აღნიშნულ ფორმატს.

„პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ამ სამუშაო ჯგუფის წევრები ვართ ძალიან დიდი ხანია და ბევრი სამუშაო ჩავატარეთ. ეს ეხება სამართალდამცავი სისტემების მოწყობას, ეს ეხება სასამართლო სისტემის მოწყობას და მინდა გითხრათ, რომ იდეების შეჯერება, გაზიარებაც მოხდა. მნიშვნელოვანია, საზოგადოებას საჯაროდ ვესაუბროთ იმაზე, რას ვაპირებთ მას შემდეგ, როდესაც ძალაუფლებას ჩამოსცილდება ოლიგარქია.

მთელი ეს რვა წელი ძალიან კარგად გვაქვს გააზრებული, თუ რატომ არის სასამართლო სისტემა ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის ოპოზიციისთვის, მათ შორის მმართველი ძალისთვის, ქვეყნისთვის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიისთვის. ამიტომ, ეს უნდა იყოს ისეთი მოწყობა, როდესაც არც ერთ ხელისუფლებას არ ექნება ცდუნება, რომ სასამართლო და მართლმსაჯულება მოირგოს ისე, როგორც მას სურს“, – აცხადებს დეკანოიძე.