გიგაურმა „გაბალა“ დატოვა
გიგაურმა „გაბალა“ დატოვა

აზერბაიჯანში საფეხბურთო სეზონი დასრულებულად გამოაცხადეს და ქართველი ნახევარმცველი მერაბ გიგაური იძულებული გახდა, „გაბალა“ დაეტოვებინა.

ამის შესახებ ფეხბურთელის მენეჯერმა მიხეილ ხუციშვილმა აზერბაიჯანულ გამოცემა „სპორტ24“-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მერაბი „გაბალაში“ აღარ დარჩება, რადგან გუნდის გეგმები უცნობია. გიგაურის მიმართ პოსტსაბჭოთა ქვეყნების გუნდებიდან სერიოზული დაინტერესებაა, მაგრამ ჩემპიონატები ჯერ ყველგან არ დასრულებულა და ორი-სამი კვირა მოცდა მოგვიწევს, რომ გავიგოთ, ევროტურნირებზე რომელი გუნდები ითამაშებენ“ – განაცხადა მერაბ გიგაურის აგენტმა მიხეილ ხუციშვილმა აზერბაიჯანულ გამოცემა Sport24.az-თან საუბრისას.

27 წლის ნახევარმცველი „გაბალაში“ შარშან ზაფხულში ჩაირიცხა და გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. აზერბაიჯანის პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში „გაბალადან“ მხოლოდ გიგაური მოხვდა.