გიგაშვილისადმი ბრალდებას „ტამბოვის“ მეკარემ და მწვრთნელმა უპასუხეს - ახალგაზრდა ბიჭია, ფეხბურთის თამაში სურს და ყველა ძაღლებივით ნუ დაესევით 
გიგაშვილისადმი ბრალდებას „ტამბოვის“ მეკარემ და მწვრთნელმა უპასუხეს - ახალგაზრდა ბიჭია, ფეხბურთის თამაში სურს და ყველა ძაღლებივით ნუ დაესევით 

„ტამბოვის“ მეკარემ, სერგეი რიჟიკოვმა კომენტარი გააკეთა მისი თანაგუნდელის, ზურაბ გიგაშვილის მიმართ წაყენებულ ბრალდებებზე. მე-20 ტურში „როტორთან“ (1:3) მატჩი 19 წლის ქართველისთვის ძალიან უიღბლო გამოდგა. ჯერ საკუთარ კარში ბურთი ჩაჭრა, მეორედ კი თავდამხმელს ხელი ვერ შეუშალა.

მატჩის შემდეგ რუსულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია მატჩის საეჭვო ხასიათის შესახებ. კონკრეტულად, „სპორტ 24“-ის (Sport24) ჟურნალისტმა დიმიტრი ეგოროვმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც მან გამოთქვა აზრი, რომ „ტამბოვის“ 19 წლის ფეხბურთელმა ზურაბ გიგაშვილმა შეცდომები განზრახ დაუშვა.

„ტამბოვის“ მეკარეს არ სჯერა, რომ მის თანაგუნდელს გიგაშვილს შეეძლო „როტორთან“ თამაში გაეყიდა. ამის შესახებ მან „სპორტ-ექსპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„თამაშის შემდეგ ზურას ვამხნევებდით. ძალიან მწყინს გარიგებულ მატჩზე საუბრები, თითქოს ზურიკომ რამე უსინდისოდ გააკეთა. ჟურნალისტებს ვარაუდებით წერა უყვართ. თუ სხვა არაფერია დასაწერი, მაშინ „ტამბოვზე“ დაწერეთ. ნეგატიური რეკლამაც რეკლამაა. ან მატჩების გაყიდვა როგორ წარმოგიდგენიათ? მგონია, „როტორთან“ მატჩში ასე არ ყოფილა. ახალგაზრდა ბიჭია, მას ფეხბურთის თამაში სურს და ყველა ვარჯიშზე მონდომებულია. მას ყველა ძაღლებივით ნუ დაესევით. მატჩის შემდეგ ის ხასიათწამხდარი იყო. მაგრამ მეორე ტაიმი მთელმა გუნდმა ცუდად ჩაატარა – მეც დავაშავე, დაცვაში სხვებიც იყვნენ. ჩვენ მოვემზადებით და თამაშის ხარისხს გავაუმჯობესებთ. შემდეგ თამაშებში ზურა აჩვენებს, რომ ეს ბრალდებები უსაფუძვლო იყო,“ – აღნიშნა რიჟიკოვმა.

„მატჩ ტვ“-სთან (Match TV) კომენტარი „ტამბოვის“ მწვრთნელმა სერგეი პერვუშინმაც გააკეთა:

„მგონი, ავტორს თავად ეპარებოდა ეჭვი, როდესაც ამას წერდა. ბრალდებები კონკრეტული ფეხბურთელის მიმართ? მთელ ტურს ვუყურე და ყველა მატჩში შეიძლება ვინმეს დაადანაშაულოთ. გოლი ყოველთვის ვიღაცის შეცდომაა, ან ინდივიდუალური, ან გუნდური. სამი დღე ერთად ვვარჯიშობდით, ორი თამაში ვითამაშეთ. ასეთი შეცდომები კიდევ ბევრი იქნება. მზად ვართ თუ არა ყოველი მატჩის შემდეგ ასეთი კრიტიკისთვის? ჩემი ამოცანაა, ასეთი ჭორებისგან დავიცვა ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც ქვეყნის წამყვანმა კლუბებმა სათამაშო პრაქტიკის მისაღებად დაგვითმეს. ისინი მხოლოდ შეცდომებზე გაიზრდებიან და ეს ნორმალურია. ჩვენ ვიმუშავებთ, შეცდომებს გამოვასწორებთ და გავძლიერდებით“.