გიგა ჭიკაძისა და ალექს კასერესის ბრძოლა აღარ გაიმართება - ქართველ მებრძოლს კორონავირუსი დაუდასტურდა (ინტერვიუ გიგა ჭიკაძესთან)
გიგა ჭიკაძისა და ალექს კასერესის ბრძოლა აღარ გაიმართება - ქართველ მებრძოლს კორონავირუსი დაუდასტურდა (ინტერვიუ გიგა ჭიკაძესთან)

გიგა ჭიკაძისა და ალექს კასერესის ბრძოლა აღარ გაიმართება. სამწუხაროდ, დღეს გახდა ცნობილი, რომ ქართველ მებრძოლს კორონავირუსზე ერთ-ერთი ტესტირების შემდეგ, ინფექცია დაუდასტურდა. ჩვენ გიგას ამერიკის შეერთებულ შტატებში დავუკავშირდით და გავარკვიეთ, რომ COVID-19 მას ლას ვეგასში ყოფნისას დაუდგინდა. მოგეხსენებათ, რომ მებრძოლები ღონისძიების დაწყებამდე დღეში რამდენიმეჯერ გადიან ტესტს კორონავიურსზე.

შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძეს აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) სულ სამი ბრძოლა აქვს ჩატარებული და სამივე შეხვედრა ქართველი სპორტსმენის გამარჯვებით დასრულდა.

როდის დაგიდასტურდა კორონავირუსი და ამჟამად, სად იმყოფები? სად გაივლი მკურნალობას?

სამწუხაროდ, ალექს კასერესთან უმნიშვნელოვანეს ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე კორონავირუსი დამიდასტურდა. მე ჩემს გუნდთან ერთად ლას ვეგასში ვიმყოფებოდი და მოუთმენლად ველოდი  ამ ეტაპზე ჩემს კარიერაში ყველაზე პრინციპულ დაპირისპირებას, თუმცა, სამწუხაროდ, ასეთი გაუთვალისწინებელი რამ მოხდა. რაც შეეხება მკურნალობის პროცესს, ამჟამად, უკვე კალიფორნიის მთაში (Big bear) თვითიზოლაციაში ვიმყოფები და აქ გავივლი მკურნალობას.

როგორ ფიქრობ, როდის შეძლებ მომდევნო ბრძოლის ჩატარებას? სავარაუდო მეტოქეებზე ხომ ვერაფერს გვეტვყი?

იმედი მაქვს, ვირუსს მალე დავამარცხებ და საწვრთნელ პროცესს დავუბრუნდები. იმედია, სექტმებერში შევძლებ ბრძოლის გამართვას. სავარაუდო მეტოქეებზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. ალექს კასერესი, როგორც ვიცი, 30 აგვისტოს მაინც იბრძოლებს. მას მეტოქე შეუცვალეს.