გიგა ჭიკაძის პირველი ნოკაუტი აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) და ბონუსი ღონისძიების საუკეთესო ბრძოლისთვის
გიგა ჭიკაძის პირველი ნოკაუტი აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) და ბონუსი ღონისძიების საუკეთესო ბრძოლისთვის

ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) მორიგი ეფექტური გამარჯვება მოიპოვა, რომელიც მისთვის 2020 წელს მეოთხეა. მსგავსი მაჩვენებელი წელს მხოლოდ ქართველს და საშუალო წონოსან კევინ ჰოლანდს აქვთ.

ვეგასის მე-13 ღონისძიებაზე გიგას მეტოქე ჯეიმი საიმონსი იყო. საწყის რაუნდში, მსუბუქ წონაში მოასპარეზე ქართველმა მებრძოლმა მოწინააღმდეგეს ცნობილი „გიგა ქიქი“ უთავაზა, რომელსაც ფეხით ტანში დარტყმას უწოდებენ, რასაც ფეხითვე თავში დარტყმა მიაყოლა და აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში ასპარეზობის მანძილზე ნოკაუტით პირველად გაიმარჯვა. ბრძოლა ოფიციალურად პირველივე რაუნდის მესამე წუთზე და 51 წამზე დასრულდა.

„ამას ძალიან დიდი ხანი ველოდი. ბედნიერი ვარ, ეს „გიგაშოუა,“ – თქვა ბრძოლის შემდეგ ჭიკაძემ, რომელსაც UFC-ში დებიუტი 2019 წლის სექტემბერში ჰქონდა და ზედიზედ მეხუთე ორთაბრძოლა მოიგო.

გიგას საიმონსთან ბრძოლისთვის – „საღამოს საუკეთესო პერფორმანსისთვის“ განკუთვნილი ბონუსი მისცეს, რომლის ოდენობაც 50,000 აშშ დოლარს შეადგენს. დაპირისპირების შემდეგ ჭიკაძე ორგანიზაციის პრეზიდენტს, დანა ვაითს გაესაუბრა და სამი რამ სთხოვა – დეკემბერში სხვა ქართველებთან ერთად გამოსვლა, ღონისძიების „მეინ“, ან „ქო-მეინ“ შეხვედრაში მონაწილეობა და მსუბუქწონოსან ჯერემი სტივენსთან ბრძოლა. სტივენსი გიგას „ტვიტერზე“ გამოეხმაურა და დაპირისპირებაზე თანხმობა უკვე განაცხადა.