გიგა ჭიკაძის მეორე გამარჯვება აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში - ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ მებრძოლთან
გიგა ჭიკაძის მეორე გამარჯვება აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში - ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ მებრძოლთან

გიგა ჭიკაძე აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში უდანაკარგოდ ასპარეზობს. ქართველ მებრძოლს შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟულ ლიგაში ორი ბრძოლა აქვს გამართული და ორივე ქართველის გამარჯვებით დასრულდა. ორივე შემთხვევაში გიგამ მსაჯების უმრავლესობის გადაწყვეტილებით მოიგო. UFC 248-ის ფარგლებში ჭიკაძე ლას ვეგასის „ტი მობაელ“ არენაზე ჯამალ ემერსს დაუპირისპირდა. ორთაბრძოლის პირველი და მეორე რაუნდები ჭიკაძის უპირატესობით წარიმართა. ბოლო რაუნდში კი ოდნავ უკეთ ემერსი გამოიყურებოდა. საბოლოოდ მსაჯებმა გიგას გამარჯვება 29-28 28-29 და 29-28 დააფიქსირეს. პირველი არხი გიგას ამერიკაში დაუკავშირდა და რამდენიმე შეკითხვა დაუსვა

პირველ რიგში გილოცავთ UFC-ში რიგით მეორე გამარჯვებას. როგორ შეაფასებდი ჯამალ ემერსთან ბრძოლას?

ბრძოლა ნამდვილად ძალიან დაძაბული გამოდგა. გარდა იმისა, რომ გავიმარჯვე და ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, მინდა გითხრათ, რომ უდიდესი გამოცდილება მივიღე. კარგად დავინახე რაზე მაქვს უფრო მეტი სამუშაო და აქცენტი მომავალში რაზე უნდა გავაკეთო. ჯამალ ემერსი ძალიან ძლიერი მეტოქე გამოდგა. ის ამ სპორტში ძალიან გამოცდილი არის და ეს მე თავიდანვე ვიცოდი. მას შერეულ ორთაბრძოლებში 20-ზე მეტი ბრძოლა აქვს გამართული. მას კარიერაში ისეთ მებრძოლებთან აქვს გამარჯვება მოპოვებული, რომლებიც UFC-ის წევრები არიან და საკმაოდ კარგადაც ასპარეზობენ.

რას იტყოდი მეტოქეზე? რამდენად სერიოზული წინააღმდეგობა გაგიწია? ელოდი თუ არა რომ ბრძოლა სამი რაუნდი გაგრძელდებოდა?

როგორც უკვე გითხარით ჯამალ ემერსი ძალიან გამოცდილი და ძლიერი მეტოქეა. სიმართლე გითხრათ ვადამდელი გამარჯვების მოპოვება მსურდა პირველ ან მეორე რაუნდში. ამის რამდენიმე შანსიც მქონდა, თუმცა საბოლოოდ ეს ჩანაფიქრი არ გამომივიდა. გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ მეტოქემ ბრძოლა ტაქტიკურად ძალიან ჭკვიანურად წარმართა. პირველი რაუნდი ძალით დათმო, რადგან ალბათ იცოდა, რომ მაინც წააგებდა და უპირატესობის მოპოვებას მეორე და მესამე რაუნდებში ცდილობდა. ვფიქრობ, რომ ზედმეტმა ემოციურობამ საწყის რაუნდში ჩემს გამძლეობაზე ცუდად იმოქმედა, რის გამოც ბრძოლის ნაადრევად დასრულება ვერ შევძელი, თუმცა მაინც კმაყოფილი ვარ, რომ საბოლოოდ გამარჯვება მე დამრჩა.

UFC-ში ჩატარებული ორი ბრძოლიდან ორივე მოგებული გაქვს. როდის გსურს მომდევნო ბრძოლის გამართვა და ვისთან?

ძალიან კარგია, რომ ჯერჯერობით უდანაკარგოდ, ანუ წაგების გარეშე ვასპარეზობ. ეს ჩვენს სპორტში ძალიან მნიშვნელოვანია. შესაძლოა, ეს წარმატება არ იყო ჯერჯერობით საკმარისი იმისათვის, რომ ტოპ 15-ში ადგილი დავიმკვიდრო, თუმცა ჩემი კარიერისთვის ეს უმნიშვნელოვანესი მოგება იყო. ახლა უკვე მესამე ბრძოლაზე ვფიქრობ. ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ორთაბრძოლა იქნება, რადგან სამი დაპირისპირების შემდეგ მე უკვე ახალ კონტრაქტზე მომიწევს UFC-ის ხელმძღვანელობასთან მუშაობა. ასე რომ მომდევნო ბრძოლას მშვიდად, ემოციების გარეშე დავგეგმავ. ამჟამად მინდა გითხრათ, რომ ჩემთან ბრძოლის სურვილი უკვე გამოთქვა რამდენიმე მებრძოლმა. როგორც კი ტრავმებს მოვიშუშებ ჩემს მენეჯერთან ალი აბდელ აზიზთან ერთად დავიწყებ მომდევნო ბრძოლასა და მეტოქეზე ფიქრს.

შენი აზრით რა კომპონენტზე გაქვს ყველაზე მეტად სამუშაო?

ბრძოლების დროს მე ძალიან ემოციური ვარ. ამას ჩემით ვამჩნევ. ემოციურობა კი გამძლეობაზე ძალიან ცუდად მოქმედებს. ვფიქრობ, რომ სწორედ ამაზე მაქვს ყველაზე მეტად სამუშაო. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა ჯამალ ემერსთან ბრძოლაში.

რამდენად მნიშვნელოვანია, რომ შერეულ ორთაბრძოლებში იყო დაუმარცხებელი? რამდენად გეხმარება ეს შენი მოტივაციის ასამაღლებლად?

რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. როდესაც დაუმარცხებელი ხარ, ეს დიდ მოტივაციას გაძლევს და ბევრად მოტივირებულს გხდის. განსაკუთრებით ისეთ სპორტში როგორიც შერეული ორთაბრძოლებია. კარგია, რომ ჯერჯერობით ვახერხებ ufc-ში უდანაკარგოდ ასპარეზობას. იმედია, მომავალშიც ასე გავაგრძელებ და ქართველ გულშემატკივარს კიდევ არაერთხელ გავახარებ.

ტრავმების შესახებ რომ გვითხრა, რაიმე სერიოზული ტრავმა ხომ არ მიგიღია ბრძოლის დროს?

ტრავმებს რაც შეეხება, მაქვს რამდენიმე ტრავმა, რის გახმაურებასაც არ ვაპირებ. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი რიგზეა და რეაბილიტაციის პროცესი დიდი ხანი არ გაგრძელდება.