გიგა ჭიკაძე, დიდი ალბათობით 18 აპრილს იბრძოლებს - ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ მებრძოლთან
გიგა ჭიკაძე, დიდი ალბათობით 18 აპრილს იბრძოლებს - ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ მებრძოლთან

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, 18 აპრილს დაგეგმილი, შერეული ორთაბრძოლების გულშემატკივრებისთვის დიდი ხნის ნანატრი ბრძოლა ხაბიბ ნურმაგომედოვსა და ტონი ფერგიუსონს შორის კვლავ, უკვე მეხუთედ ჩაიშალა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ დაღესტნელი ამერიკაში ჩასვლაზე და თვითიზოლაციის წესების დარღვევაზე უარს აცხადებს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხაბიბისა და ტონის ბრძოლას კვლავ ვერ ვიხილავთ, ქართველი გულშემატკივრისთვის 18 აპრილის ქარდი, შესაძლოა უაღრესად საინტერესო გამოდგეს. როგორც ცნობილი ხდება UFC-ის ხელმძღვანელობა დაუკავშირდა ქართველ მებრძოლ გიგა ჭიკაძეს და აღნიშნულ საბრძოლო ღამეს ღონისძიებაში მონაწილეობა შესთავაზა. გიგამ ბრძოლაზე თანხმობა განაცხადა და ამჟამად მეტოქის დასტურის მოლოდინშია. ჩვენ ქართველ მებრძოლს კალიფორნიაში დავუკავშირდით და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.

როგორც ვიცით UFC-დან დაგიკავშირდნენ და 18 აპრილის ქარდზე შემოგთავაზეს მსუბუქ წონით დივიზიონში (lightweight) ბრძოლა. რატომ მაინცდამაინც ეს წონა და დათანხმდი თუ არა გამოწვევას?

„დიახ, ვადასტურებ, რომ ufc- დან დამიკავშირდნენ და 18 აპრილის ქარდზე შემომთავაზეს ბრძოლა. წონის შეცვლა ჩემი ინიციატივა ნამდვილად არ ყოფილა. საქმე ისაა, რომ მსუბუქ წონით დივიზიონში (70 კგ) ერთ-ერთ მებრძოლს არ ჰყავს მეტოქე, რომელიც ვერ ახერხებს ამერიკაში ჩასვლას, აქედან გამომდინარე ეძებენ ახალ კანდიდატს. მოცემულობა ასეთია“.

რამდენად გხიბლავს წონის შეცვლა და ახალ წონით კატეგორიაში ასეთ დროს ბრძოლა? ადრე თუ გქონია ამ წონაში ასპარეზობის გამოცდილება?

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, წონის შეცვლა ჩემი სურვილი ნამდვილად არ ყოფილა, უბრალოდ, ამჟამად ასეთი მოცემულობა და შანსია. მე მხიბლავს ახალი გამოწვევები და რა თქმა უნდა, ამ ბრძოლასაც უყოყმანოდ დავთანხმდი. ამჟამად, მეტოქის პასუხს ველოდები. გარდა ამისა გეტყვით, რომ წარსულში ამ წონაში არაერთი ბრძოლა მაქვს გამართული. შერეულ ორთაბრძოლებში ჩემი დებიუტი სწორედ მსუბუქ წონაში (lightweight) შედგა. მანამდეც, სანამ კიკ-ბოქსინგით ვიყავი დაკავებული არაერთხელ მიმიღია მონაწილეობა ამ წონითი კატეგორიის ღონისძიებებში“.

მეტოქეზე თუ შეგვიძლია რაიმე დეტალი გვითხრა, ვინაობის დასახელება შეგიძლია?

„მეტოქეს რაც შეეხება, ძალიან ძლიერი მებრძოლია, თუმცა, სამწუხაროდ ჯერჯერობით მის სახელს ვერ გეტყვით.

უკანასკნელი ბრძოლა სულ ცოტა ხნის წინ გამართე და UFC-ში რიგით მეორე გამარჯვება მოიპოვე. რაიმე ტრავმა ხომ არ გაწუხებს უკანასკნელი დაპირისპირების შემდეგ?

„რამდენიმე მცირე ტრავმა მივიღე უკანასკნელი ბრძოლის შემდეგ, თუმცა სერიოზული არაფერი. მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგ ფორმაში ვარ. ვარჯიში არ შემიწყვეტია და ახლაც, ამ რთულ პერიოდში ვახერხებ ჩემს მწვრთნელებთან ერთად ვარჯიშს და ფორმის შენარჩუნებას. მზად ვარ ufc-ში მორიგი გამარჯვება მოვიპოვო“.

ასე რომ, გიგას ბრძოლას დიდი ალბათობით 18 აპრილს უნდა ველოდოთ, იმ შემთხვევაში, თუ მისი მეტოქე თანხმობას განაცხადებს. მებრძოლის შესახებ სიახლეების გასაცნობად კი შეგიძლიათ მისი ფეისბუქის გვერდს ეწვიოთ.