გიგა ჭიკაძე 8 მარტს ლას ვეგასში ჯამალ ემერს დაუპირისპირდება - ინტერვიუ ქართველ მებრძოლთან
გიგა ჭიკაძე 8 მარტს ლას ვეგასში ჯამალ ემერს დაუპირისპირდება - ინტერვიუ ქართველ მებრძოლთან

გიგა ჭიკაძეს აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFჩ) ოქტაგონზე რიგით მეორე ბრძოლა 29 თებერვალს, ნორფოლკში მაიკ დევისთან უნდა გაემართა, თუმცა მეტოქემ დღემდე ოფიციალურად უცნობი ტრავმის გამო გიგასთან ბრძოლაზე უარი თქვა. როგორც რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, გიგა უახლოეს მომავალში დაპირისპირებას მაინც ჩაატარებს. თბილისის დროით რვა მარტს ლას ვეგასის „ტი მობაელ არენაზე“ გიგა ჯამალ ემერს შეხვდება. პირველი არხი ჭიკაძეს კალიფორნიაში დაუკავშირდა და რამდენიმე შეკითხვა დაუსვა.

ახალი ბრძოლა დაგენიშნა. 8 მარტს ჯამალ ემერის წინააღმდეგ მოგიწევს ბრძოლა. რა ინფორმაცია გაქვს მეტოქეზე? თუ არის შენთვის ცნობილი მისი ძლიერი და სუსტი მხარეები?

„სიმართლე რომ გითხრათ ახალ მეტოქეზე ბევრი ინფორმაცია არ მაქვს. მის შესახებ პირველად დღეს გავიგე. უკვე მოვასწარი მისი რამდენიმე ბრძოლის ნახვა და შემიძლია გითხრათ, რომ კარგი დაპირისპირება იქნება. სტილით ის დამრტმელია (სტრიკერ), თუმცა ამასთან ერთად ეს მებრძოლი კარგად ჭიდაობს. ყველაფრისთვის მზად ვარ. ძალიან კარგ ფიზიკურ კონდიციაში ვიმყოფები“.

როდის გადაწყდა ამ ბრძოლის დანიშვნის საკითხი და კმაყოფილი ხარ თუ არა ამ შეთანხმებით?

„ბრძოლა დღეს გადაწყდა. მე და ჩემი მწვრთნელი ერთად ვიყავით, როდესაც მენეჯერმა (ალი აბდელ აზიზი) დამირეკა და ამ ამბის შესახებ მითხრა. ძალიან მალე მივიღე გადაწყვეტილება და ბრძოლას დავთანხმდი. კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო, რომ ძალიან კარგ ფორმაში ვარ და ნებისმიერი მეტოქისთვის მზად ვარ.“

როგორ ფიქრობ, ბრძოლის მიმდინარეობისას რის ხარჯზე მოახერხებ უპირატესობის მოპოვებას და მეტოქის დამარცხებას?

„ვფიქრობ, რომ უპირატესობა ყველა კომპონენტში მექნება. შევეცდები, რომ სამივე დისციპლინაში ვაჯობო. ზოგადად ყოველთვის დარტყმითი სტილით (სტრიკინგ) მაქვს ხოლმე უპირატესობა მეტოქეებთან, თუმცა მათ უბრალოდ არ იციან თუ რამხელა პროგრესი მაქვს ჭიდაობაში და ზოგადად პარტერში ბრძოლისას. როდესაც ჩემს საფირმო დარტყმას (გიგაკიცკ) მეტოქეს ვაგემებ, შემდეგ ყველაფერი გამიადვილდება. მსურს ასევე ყველას ვაჩვენო თუ როგორ გამიუმჯობესდა ჯიუ ჯითსუ. მოკლედ, მოუთმენლად ველოდები რვა მარტს და UFჩ-ში მეორე გამარჯვების მოპოვებას ვგეგმავ.