გიგა ბოკერია - ვიზრუნებთ, რომ „ქართული ოცნების“ წევრებს პარლამენტში ღამისთევით მოუწიოთ ყოფნა
გიგა ბოკერია - ვიზრუნებთ, რომ „ქართული ოცნების“ წევრებს პარლამენტში ღამისთევით მოუწიოთ ყოფნა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ბიბლიოთეკის შენობაში ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ესწრება. შენობასთან პერიოდულად სიტუაცია იძაბება. აქციის მონაწილეები თეა წულუკიანს ელოდებიან.

„თავდაპირველად, დააკავეს გიგი უგულავა, გიორგი კანდელაკი, დათო ნაფეტვარიძე, გაბილ ჰანსანოვი და კიდევ ერთი აქტივისტი, რომლის გვარსაც ვაზუსტებთ. უგულავა და კანდელაკი მცირე დროის შემდეგ გამოუშვეს. ჩვენი გარდაბნის ორგანიზაციის ლიდერი გაბელ ჰანსანოვი ჰოსპიტალშია გადაყვანილი. დათო ნაფეტვარიძე და კიდევ ერთი აქტივისტი გადაყავთ სასამართლოში. „ევროპული საქართველოს“ გარდა, სხვა პარტიის წარმომადგენლებიც არიან დაკავებული. როგორც ვიცით, ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს და კიდევ რამდენიმე აქტივისტია დაკავებული“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ამასთან, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები იზრუნებენ, „ქართული ოცნების“ წევრებს პარლამენტში ღამისთევით მოუწიოთ ყოფნა.

„პროტესტი გაგრძელდება და ასეთი სამარცხვინო ფორმებით მოუწევთ მოღვაწეობა სამარცხვინო ლიდერის ივანიშვილის სამარცხვინო კლოუნებს, სადამდეც გაქაჩავენ. დიდხანს ვერ გაქაჩავენ.

გვინდა, რომ თეა წულუკიანს – ივანიშვილის გამორჩეულ კლოუნს ჩვენი ხმა კიდეც ერთხელ გავაგონოთ, შემდეგ რუსთაველზე გადავალთ. ჩვენ ბევრი პოლიტიკური სამიზნე გვაქვს, ერთ-ერთია პარლამენტი. დღეს დილის 6 საათზე მოუწიათ გაღვიძება, არ ყოფილა შემთხვევა, რომ ასე ადრე მისულიყვნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პარლამენტში. ჩვენ იმაზეც ვიზრუნებთ, რომ ღამისთევით მოუწიოთ იქ ყოფნა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დატოვე კომენტარი