გიგა ბოკერია - ვაპირებთ, ადამიანები შემოვიკრიბოთ, აღვნუსხოთ, ვინ არის მზად გრძელვადიანი პროტესტისთვის, გვინდა, გვქონდეს მათი მონაცემები, ვინც ჩვენთან არის
გიგა ბოკერია - ვაპირებთ, ადამიანები შემოვიკრიბოთ, აღვნუსხოთ, ვინ არის მზად გრძელვადიანი პროტესტისთვის, გვინდა, გვქონდეს მათი მონაცემები, ვინც ჩვენთან არის

ვაპირებთ, ადამიანები შემოვიკრიბოთ, აღვნუსხოთ, ვინ არის მზად გრძელვადიანი პროტესტისთვის, გვინდა, გვქონდეს მათი მონაცემები, ვინც ჩვენთან არის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ბოკერიას თქმით, ეს ადამიანები უნდა დაარწმუნონ, რომ მზად იყვნენ გრძელვადიანი პროტესტისთვის.

„შემიძლია, გითხრათ, ჩემი და ჩემი თანამოაზრეების მკაფიო პოზიცია რა არის, რაც, იმედი მაქვს, რომ ფართო კონსენსუსის საგანი ხდება ან უკვე გახდა. ეს არის ის, რომ უნდა გვქონდეს მყარი რწმენა, ნებისყოფა იმისთვის, რომ ეს რეჟიმი ჩამოვაშოროთ ძალაუფლებას, ივანიშვილი, მისი გარემოცვა. აბსოლუტურად ნათელია, რომ ამის გარეშე ჩვენს ქვეყანას თავისუფლების სამშვიდობოს გასვლის შანსი არ აქვს. ეს ჩანს ყველაფერში. მარტო იმაში არა, რომ ახლა არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი. იმაში, საითაც მიყავთ ქვეყანა. ამ რეჟიმს და ამ ხალხს, ივანიშვილის გარემოცვას, პოლიტიკური მასხარების, ქვეყანა მიყავს თავისუფალი სამყაროს თავისუფლების საწინააღმდეგო მიმართულებით და ჩვენი ქვეყნის დაცულობის საწინააღმდეგო მიმართულებით. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მშვიდობიანად იმისთვის, რომ ეს შევაჩეროთ. ამის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ ამ რეჟიმის ჩამოცილებით ხელისუფლებიდან და ამას სჭირდება ნებისყოფა, რწმენა და დიდი უმრავლესობა მოქალაქეების, სერიოზული რაოდენობა, ვინც მზად იქნება არა ერთი დიდი აქცია ჰქონდეს, ორი ან რამოდენიმე, არამედ იმდენი ხანი და იმ ინტენსივობით, რაც იძულებულს გახდის ამ რეჟიმს, რომ შეეგუოს ძალაუფლების დაკარგვას მშვიდობიანად.

მერე უნდა იყოს ახალი არჩევნები, რა თქმა უნდა, რომ დემოკრატიული, პროდასავლური ხელისუფლება იყოს არჩეული ხალხის მიერ. „ევროპული საქართველოს“ სამოქმედო გეგმა არის დეოლიგარქიზაციის კამპანია, რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ და რამოდენიმე დღეში მთელ ქვეყანაში, თბილისში, რეგიონებში, ყველგან ჩვენ ვაპირებთ ერთი მხრივ, შინაარსის გატანას, ანუ ბევრი მოქალაქისთვის, ვინც შეიძლება, აქამდე არ იყო ჩართული სამოქალაქო პროცესში, ჩვენი გზავნილის მიტანას, იმ სახის ჩვენებას, რასაც ბოროტების იმპერია წარმოადგენს; მათ შორის, ჩვენი უახლესი ისტორიის გახსენებით, ქართველების გენოციდის აფხაზეთში და ამავე დროს, ვაპირებთ, რომ ადამიანები შემოვიკრიბოთ, მოდი, ასე ვთქვათ, ყველამ ერთად აღვნუსხოთ, ვინ არის მზად გრძელვადიანი პროტესტისთვის. ჩვენ გვინდა, გვქონდეს მონაცემები, როგორც პოლიტიკურ გუნდს, ვინც ჩვენთან არის, იმ ადამიანების და დავარწმუნოთ ეს ადამიანები, რომ მზად იყვნენ გრძელვადიანი პროტესტისთვის. ჩვენ გარკვეული მონაცემები გაგვაჩნია, მაგრამ გვინდა ამის გაფართოება, რადგან საჭიროა უფრო მეტი, ვიდრე დღეს არის საერთო ჯამში, საპროტესტო მოძრაობაში მონაწილე ადამიანი, არათუ ერთი ჩვენი კონკრეტული პარტიის. ამ ყველაფრის მოწესრიგება აუცილებელია ისეთ რეჟიმთან ბრძოლაში, როგორიც არის ივანიშვილის რეჟიმი. ანუ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რამდენი ადამიანი სად არის მზად მშვიდობიანი პროტესტისთვის ქუჩაში გრძელვადიანად დასადგომად, ან სხვა ტიპის ინვესტიციისთვის ამ ტიპის წინააღმდეგობის მოძრაობაში ამ პუტინისტურ, ოლიგარქიულ, ოპორტუნისტულ რეჟიმთან“, – განაცხადა ბოკერიამ.

ამასთან, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ არავის აქვს რწმენა, რომ ქვეყნის პრემიერი „ზნეს შეიცვლის“.

„არანაირი რწმენა არც ერთ საღად მოაზროვნე ადამიანს, რომ ივანიშვილის პირობებში, ვიდრე ის არ არის ისე დასუსტებული, რომ ზღვარზე იყოს ხელისუფლების დაკარგვის, ღარიბაშვილი შეიცვლის ზნეს, არავის არ აქვს. თუ აღმოჩნდა, რომ სავლე პავლედ იქცა და ჩვენ ვცდებით, ეს გამოჩნდება მალევე. ოღონდ ამისი არანირი წინაპირობა არ არის. გუშინწინ ვიხილეთ ჩვენ, რა იყო ივანიშვილის ამ მასხარის განაცხადი მისი ბანაკისთვის და დღევანდელი განცხადება გაქვს უბრალოდ წერილობით გასაგზავნს მსოფლიოსთვის, რომ, აი, ჩვენ ფორმალურად რაღაც შევთავაზეთ. ეგ როგორი რაღაცაა იცით, ფილმი არის „მარსი უტევს“ – კარგი ამერიკული ფილმი იყო, კომედია, რომ უცხოპლანეტელები შემოდიან და თან მეგაფონებით იძახიან, რომ ჩვენ მოვედით მშვიდობით და მეორე ხელით ესვრიან ხალხს. ღარიბაშვილისგან არავინ სერიოზულად არ იღებს ასეთ განცხადებებს. თუ ეს ასე არ არის და მე ვცდები, ამას გვაჩვენებს ზეგინდელი, მაზეგინდელი დღე, ანუ ვითარება შეიცვლება ქვეყანაში“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.