გიგა ბოკერია - სუს-ის ჩანაწერის გამოქვეყნების აზრს ვერ ვხედავ, თუ ამას მერე ნაბიჯები არ მოჰყვება
გიგა ბოკერია - სუს-ის ჩანაწერის გამოქვეყნების აზრს ვერ ვხედავ, თუ ამას მერე ნაბიჯები არ მოჰყვება

„ევროპულ საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ რაც უნდა გაირკვეს სუს-ის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, მაჩალიკაშვილების სახლში სპეცოპერაციის შემდეგ მთავრობა როგორც მოიქცა, შეცდომა იყო. „ეს არის ივანიშვილის ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი მორიგი სისულელე“, – აცხადებს ბოკერია.

ბოკერიას თქმით, სუს-ის ჩანაწერის გამოქვეყნების აზრს ვერ ხედავს, თუ ამას მერე ნაბიჯები არ მოჰყვება.

„ეს დრამატული განვითარება არ ცვლის იმ კითხვებს, რომელიც არსებობს პირველ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ფატალური შემთხვევა იყო და პასუხები უნდა გაეცეს საზოგადოებას.

მეორე, თუ ეს არის ავთენტური ჩანაწერი, ამის გარკვევა ძალიან მარტივად შეიძლება. მაშინ ეს ძალიან სერიოზული საქმეა და მთავრობამ უნდა გადადგას ყველა შესაბამისი ზომა.

ამ შემთხვევაში, არ მესმის, რატომ არ იდგმება ეს ნაბიჯები, თუ ეს ავთენტურია, ეს არის მძიმე დანაშაულის სერიოზული მტკიცებულება და გამოქვეყნების აზრს ვერ ვხედავ, თუ ამას მერე ნაბიჯები არ მოჰყვება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს. სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის.