გიგა ბოკერია - მე მაქვს მორალური უფლება, ამომრჩეველთან მივიდე, რადგან „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ქვეყანა ფუნდამენტურად წავიდა წინ
გიგა ბოკერია - მე მაქვს მორალური უფლება, ამომრჩეველთან მივიდე, რადგან „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ქვეყანა ფუნდამენტურად წავიდა წინ

რომ მიმაჩნდეს, მორალურად უფლება არ მაქვს, ამომრჩეველს მივმართო, აქ ხომ არ ვიჯდებოდი, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

„ყველა ადამიანს აქვს უფლება, ამომრჩეველს მიმართოს და უთხრას, რა მიაჩნია მის მძიმე შეცდომად, თუნდაც, დანაშაულად და ითხოვოს, ხმა მისცენ. ამის უფლება გვაქვს მხოლოდ. დანარჩენს ამომრჩეველი წყვეტს. რომ მიმაჩნდეს, მორალურად უფლება არ მაქვს, ამომრჩეველს მივმართო, აქ ხომ არ ვიჯდებოდი?  საკითხებში, რომლებშიც ამომრჩეველი სამართლიანადაა მწყრალად იმ გუნდის ნაწილთან, რომელსაც მე წარმოვადგენ, ჩემი ამოცანაა ამომრჩეველთან მივიდე და გულწრფელად ვუთხრა, რა მიმაჩნია სწორად იმაში, რაც გავაკეთეთ, რა არასწორად და რას გავაკეთებთ. მე მაქვს მორალური უფლება, ამომრჩეველთან მივიდე, რადგან მიმაჩნია, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ჯამში, ქვეყანა ფუნდამენტურად წავიდა წინ“, – განაცხადა ბოკერიამ.

ამ განცხადებით გიგა ბოკერიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, თუ უზენაეს სასამართლოში არ უნდა იყოს მოსამართლე, რომელიც ხელისუფლებაში მისი თუ „ქართული ოცნების“ ყოფნის დროს ზეგავლენის ქვეშ იყო, მაშინ აქვთ თუ არა პოლიტიკაში ყოფნის მორალური უფლება ადამიანებს, რომლებმაც შექმნეს სისტემა ან პოლიტიკური პროცესი, რომლის პირობებშიც ასეთი რამ შესაძლებელი იყო.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, პრობლემა იმაშია, რომ მოსამართლეები, რომელთა მიმართაც პრეტენზია აქვს, სავლეები კი არ არიან, რომლებიც პავლეებად იქცნენ, არამედ ამ ადამიანებს ზნე არ შეუცვლიათ და ისინი ახლაც იგივეს აგრძელებენ.

„ადამიანს შესაძლოა ასეთ თანამდებობაზეც ჰქონდეს მეორე შანსი; ვიღაცამ შეიძლება თქვას, მესამეცო. ოღონდ, ეს ხალხი ახლაც აგრძელებს ამას და იგივენაირად იქცევა. ანუ, ზნე არ შეუცვლიათ. თუ ის მოსამართლე გამოიცვალა, შეიძლება ჰქონდეს უზენაეს სასამართლოში ყოფნის მორალური უფლება, მაგრამ ამ ცვლილებას ვერ ვხედავ“, – განაცხადა ბოკერიამ.

გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა მას თქვას, როგორ შენდებოდა სახელმწიფო ხელისუფლებაში მისი ყოფნის დროს, როცა მიაჩნია, რომ ლიბერალური დემოკრატია ერთადერთი სწორი გზაა, ხოლო ხელისუფლებაში მისი ყოფნის დროს პრობლემა სწორედ ლიბერალური დემოკრატიის ერთ-ერთ უმთავრეს ბოძს, კანონის უზენაესობას ჰქონდა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ყველაფერი დინამიკაში უნდა ავიღოთ.

„ივანიშვილის დამანგრეველი, მავნებლური ხელისუფლების ჩათვლით, საქართველო დღესაც უკეთეს ფორმაშია, ვიდრე ბევრი ჩვენი მეზობელი. ამას იმ ხალხის მიმართ სრული პატივისცემით ვამბობ. ოღონდ, ეს იმას კი არ ნიშნავს, მე ვერ დავინახო, რომ ამ რვა წლის განმავლობაში ჩემი ქვეყნის დინამიკა ჩიხისკენ და უფსკრულისკენ მიდის? ახლა, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ამბავი ავიღოთ, მათ შორის, კანონის უზენაესობის ნაწილში, სადაც მართლაც დიდი ჩავარდნა გვქონდა. ვნახოთ, საიდან სად წავიდა ქვეყანა. ანუ, უნდა შეადაროთ, რა იყო ქვეყანა 2002 წელს და რა იყო 2012 წელს“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, კანონის უზენაესობის თვალსაზრისით, ქვეყანა ახლა უკან მიდის, იზრდება კრიმინალი, ორგანიზებული დანაშაულის გავლენა და მთავრობა ფასეულობებით ქსენოფობიურ, პრორუსულ, სიძულვილის მქადაგებელ ჯგუფებთანაა შერწყმული.

შეკითხვაზე, სასამართლოში არსებული პრობლემები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიზანმიმართული აქტი იყო თუ შემთხვევითობა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ეს შემთხვევითობა არ ყოფილა და იყო არასწორი პოლიტიკური არჩევანი.

„მაგალითად, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღებაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, მაგრამ გვიან, ჩვენი შიდა შიშების თუ ცდუნების გამო – არ გარისკო, რათა ზოგადი პოლიტიკური კონტროლი ხელიდან არ გაუშვა ქვეყანაში, სადაც კორუფციის, ორგანიზებული დანაშაულის, უცხო ქვეყნის გავლენის დიდი ტრადიცია იყო და ა.შ. ანუ, ლეგიტიმური შიშები იყო. ამის გამო, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი მარტო 2011 წელს შემოვიდა და ძალიან შეზღუდული დოზით. ოღონდ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ უნდა გაფართოებულიყო. ეს იყო პრობლემა, მაგრამ დღეს, ჩვენ მიერ დაგვიანებით შემოღებული ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ამ ხელისუფლებამ პირველივე გახმაურებული საქმის წაგებაზე კი არ გააფართოვა, არამედ ღარიბაშვილმა, რომელიც დაგვიბრუნდა, როგორც ტერმინატორი მეორე სერიაში, გამოგვიცხადა, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ბოროტი მემკვიდრეობაა და უნდა აღიკვეთოს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.